ახალი ამბები

გავრილოვი: აუცილებელია, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს

20 იანვარი, 2023 • 1190
გავრილოვი: აუცილებელია, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს

რუსი დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან, სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ აუცილებელია, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს.

„უკრაინის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს დამოუკიდებელი პოზიციისა და რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების ომის მიმართ დამოკიდებულების გამო, აუცილებელია, რომ აღდგეს არა მხოლოდ ავიამიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, – თქვა გავრილოვმა და დასძინა, რომ საელჩოსა და საკონსულოს არსებობა საქართველოში „კონტაქტების გაღრმავებას დაეხმარება“.

News.ru-თან ინტერვიუში გავრილოვი ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს იმ ავიაკომპანიების რიცხვი – „მათ შორის, მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლას განახორციელებს“.


18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

ფრენების აღდგენას ეთანხმებიან მმართველ პარტიაში. მაგალითად, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ფრენები აღდგება, ეს მხოლოდ მისასალმებელია.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი