ახალი ამბები

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო – ღარიბაშვილი

20 იანვარი, 2023 • 994
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო – ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება საგარეჯოში მომხდარს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.


გვიან ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან ცეცხლი გახსნა. ოფიციალური ცნობებით, მან მოკლა ეზოში მყოფი მოქალაქეები, მათ შორის ისინი, ვინც დაჭრილების დახმარებას ცდილობდნენ.

თავდამსხმელმა მოკლა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი. შსს-ს ცნობით, ამის შემდეგ მან თავი სავარაუდოდ მოიკლა. თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო იყო. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, სროლის დაწყებისას სახლში იმყოფებოდა ბრალდებულის სრულწლოვანი შვილიც. მან მალევე დატოვა ბინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვისა და ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი