ახალი ამბები

სრულიად შეუსაბამოა – ურბანული განვითარების ინსტიტუტი ლაგუნა ვერესთან დაგეგმილ პროექტზე

19 იანვარი, 2023 • 1345
სრულიად შეუსაბამოა – ურბანული განვითარების ინსტიტუტი ლაგუნა ვერესთან დაგეგმილ პროექტზე

ორგანიზაცია „ურბანული განვითარების ინსტიტუტი“ ეხმაურება ლაგუნა ვერეს მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობას და აცხადებს, რომ ეს საპროექტო წინადადება სრულიად შეუსაბამოა ამ არეალისთვის.

„ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმისთვის წარდგენილი საპროექტო წინადადება სრულიად შეუსაბამოა ქალაქის ამ არეალის სივრცითი განვითარებისთვის, უფრო მეტიც, ალბათ თბილისში ძნელად მოიძებნება ადგილი, რომელიც შესაძლოა ამ მასშტაბისა და სიმაღლის მშენებლობისთვის შესაბამისი იყოს.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საპროექტო ტერიტორიას დღეს გენგეგმის მიხედვით მინიჭებული აქვს სარეკრეაციო ზონის სტატუსი, ხოლო პროექტით მოთხოვნილია, სარეკრეაციო ზონა შეიცვალოს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონით, რაც მიწის ნაკვეთს მშენებლობის მაქსიმალურ კოეფიციენტს ანიჭებს“.

ორგანიზაცია ამბობს, რომ დამკვეთის მტკიცება, თითქოს მათ გაითვალისწინეს მკვლევრის მიერ ჩატარებული ისტორიულ-არქიტექტურული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, არის ცალსახად სიცრუე.

„პროექტის განმარტებით ბარათში ასევე ვკითხულობთ, რომ ტერიტორიაზე გათვალისწინებული იქნება 1000 ავტოსადგომი, ანუ პროექტი ითვალისწინებს მინიმუმ 1000 ავტომობილის ყოველდღიურ შესვლა-გამოსვლას ტერიტორიაზე. სატრანსპორტო კვლევის ველი არ იხსნება, სიტყვაზე ვენდოთ, თუმცა, რამდენადაც არ უნდა სცადო დასაბუთება, რომ ლაგუნა-ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 დამატებითი ავტომობილის კონცენტრირება ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს არ გადატვირთავს, მაინც დიდი სიცრუე იქნებოდა.

პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ტერიტორიას აქვს სამი შესასვლელი, მათ შორის ერთი -გმირთა მოედნის მხრიდან, თუმცა საპროექტო მასალებში მხოლოდ ორი შესასვლელია გათვალისწინებული. გმირთა მოედნის გარშემო ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაზიანდა არქიტექტურული იერსახე და ურბანული სტრუქტურა. თუმცა პროექტით გათვალისწინებული მოცულობა კრიტიკულ ზიანს მიაყენებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს განშლას და ისტორიული დაცვის არეალს. საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს “ქართუს” საკუთრებას. დაუშვებელია ამ საპროექტო წინადადების განხილვაც კი“, – ნათქვამია განცხადებაში.


თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მონუმენტს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი „ქართუ“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენებას გეგმავს.

დამკვეთი კომპანია „კოსტავას 69-ია”, რომლის დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.

ვრცლად:

ლაგუნა ვერეს გვერდით „ქართუ“ 65-სართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი