ახალი ამბები

ახალი ზელანდიის პრემიერი გადადგა

19 იანვარი, 2023 • 782
ახალი ზელანდიის პრემიერი გადადგა

„უკვე დროა“ – ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი გადადგა.

გადადგომის შესახებ თავის მოულოდნელ განცხადებაში არდენი განმარტავს, რომ წასვლის მიზეზი ერთი კონკრეტული მოვლენა არ ყოფილა. მისი თქმით, მას უკვე აღარ შესწევს ძალა, ასეთი პასუხისმგებლობიანი საქმიანობა შეასრულოს.

„მე მივდივარ იმიტომ, რომ ასეთ პრივილეგიასთან ერთად მოდის პასუხისმგებლობაც – პასუხისმგებლობა, ზუსტად იცოდე, როდის შეგიძლია წინ გაძღომა და როდის არ შეგიძლია.

მე ვიცი, ამ საქმის შესასრულებლად რა არის საჭირო და ვიცი, რომ აღარ შემწევს ძალა, ის სრულფასოვნად შევასრულო“, – წერს არდერნი.

ჯასინდა არდერნი, რომელიც ახალი ზელანდიის ლეიბორისტული პარტიის წევრია, ამ წლის არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება.


2020 წელს ახალი ზელანდიის არჩევნებში კვლავ „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა – ამომრჩეველთა 49%-იანი მხარდაჭერით.

პანდემიის პერიოდში ჯასინდა არდერნი და მისი პარტია მართლაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ. ახალი ზელანდია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ვირუსის გავრცელების წარმატებით მართვის გამო შეზღუდვები მოხსნა.

თუმცა, როგორც The Guardian წერს, 2022 წელს „ლეიბორისტული პარტიის“ რეიტინგმა ბოლო 5 წლის განმავლობაში უმდაბლეს ნიშნულს მიაღწია, რასაც ინფლაციასა და ცხოვრების გაძვირებულ ფასს უკავშირებენ.

დაეცა უშუალოდ ჯასინდა არდერნის რეიტინგიც, თუმცა კვლავ რჩება ახალი ზელანდიის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად.

მასალების გადაბეჭდვის წესი