ახალი ამბები

ახალი ზელანდია უკრაინას 26 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

22 თებერვალი, 2024 • 680
ახალი ზელანდია უკრაინას 26 მილიონი დოლარის დახმარებას გამოუყოფს

ახალი ზელანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რომლის ღირებულებაც თითქმის 26 მილიონი აშშ დოლარია.

როგორც დახმარების პაკეტის ნაწილი, ახალი ზელანდია 6.5 მილიონ დოლარს გაუგზავნის გაერთიანებული სამეფოს მიერ ადმინისტრირებულ ფონდს უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად.

აგრეთვე, ქვეყანა 7 მილიონი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს, მათ შორის, ლტოლვილებს. გარდა ამისა, 3 მილიონ დოლარს გადარიცხავს მსოფლიო ბანკის უკრაინის დახმარების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმების ფონდში.

ახალი ზელანდიის მთავრობის განცხადებით, თანხის დიდი ნაწილი მოხმარდება უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების პროგრამის გახანგრძლივებას 2025 წლამდე.

ასევე, ახალი ზელანდია მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე.

“რუსეთმა უკანონო, სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში დაიწყო საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების აშკარა დარღვევით”, – განაცახადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პიტერსმა.

“ომს მოჰყვა საშინელი მსხვერპლი, გამოიწვია უზარმაზარი ტანჯვა და მნიშვნელოვნად იმოქმედა რეგიონალურ და გლობალურ სტაბილურობაზე. ამიტომ ახალი ზელანდია რჩება უკრაინის გვერდით” ,- ამბობს პიტერსი.

ამ პაკეტის ჩათვლით ახალი ზელანდიის დახმარება უკრაინისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 100 მილიონ დოლარს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი