ახალი ამბები

ახალი ზელანდიის არჩევნებში კვლავ არდერნის პარტიამ გაიმარჯვა

17 ოქტომბერი, 2020 • 930
ახალი ზელანდიის არჩევნებში კვლავ არდერნის პარტიამ გაიმარჯვა

ახალი ზელანდიის საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის პარტიამ გაიმარჯვა. ამჟამინდელი მონაცემებით, “ლეიბორისტულ პარტიას” ამომრჩეველთა 49%-მა დაუჭირა მხარი. ბიულეტენების უმრავლესობა დათვლილია.

ამ შედეგებით, ცალსახაა, რომ მმართველი პარტია ახალი ზელანდიის პარლამენტში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და 120-დან 60-ზე მეტ მანდატს მოიპოვებს. ეს უმაღლესი შედეგია პარტიისთვის 90-იანი წლების შემდეგ, როცა ქვეყანაში საარჩევნო სისტემა შეიცვალა.

მეორე ადგილზეა ოპოზიციური “ეროვნული პარტიაა”, ხმათა 27%-ით.

არდერნის პოპულარობა როგორც ახალ ზელანდიაში, ისე მის გარეთ, განსაკუთრებით გაიზარდა ქვეყნის მეჩეთებზე ტერორისტული თავდასხმისა და პანდემიის კრიზისის დროს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ნათელი იყო, რომ “ლეიბორისტები” გაიმარჯვებდნენ, ჯასინდა არდერნს კი, შესაბამისად, მეორე ვადით აირჩევდნენ პრემიერ-მინისტრად. კითხვები, ძირითადად, მანდატების ოდენობასთან დაკავშირებით ისმოდა.

მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ჯასინდა არდერნმა პირობა დადო, რომ ქვეყანა გამოვა ახალი კორონავირუსის კრიზისიდან და იქნება უკეთესი, ვიდრე მანამდე.

“მე გპირდებით, რომ ვიქნებით პარტია, რომელიც თითოეული ახალზელანდიელისთვის იმუშავებს”, – მიმართა მან მოქალაქეებს არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი