ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“არასამთავრობოების მონიტორინგს ვაგრძელებთ” – არძინბა

18 იანვარი, 2023 • 1650
“არასამთავრობოების მონიტორინგს ვაგრძელებთ” – არძინბა

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ისევ შეხვდა აფხაზეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათი საქმიანობის მონიტორინგის გაგრძელებაზე ისაუბრა.

არძინბას თქმით, გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერებული მონიტორინგი, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეომ და სახელმწიფო უშიშიროების სამსახურმა დე ფაქტო პრეზიდენტის განკარგულებით დაიწყეს.

“არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერებული კონტროლის მეშვეობით, წინა წელს, აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასავლური პროექტების რეალიზაციის გამჭვირვალობას და ანგარიშგებას მივაღწიეთ. გამოვლინდა რიგი დარღვევები და რეაგირების ადეკვატური ზომები იყო მიღებული”.

არძინბას თქმით, მუშაობა გაგრძელდება ამ მიმართულებით და აღკვეთილი იქნება ნებისმიერი მცდელობა სუვერენული აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევისა, ასევე, მისი განცხადებით, არ დაიშვება ისეთი პროექტები, რომელიც “აფხაზეთში საქართველოს პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება”.

“მოსახლეობის გულწრფელი და უანგარო დახმარება კი მუდამ იქნება მხარდაჭერილი. თუმცა მსოფლიო გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ დიდწილად სწორედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ხდებიან ქვეყნებში დესტაბილიზაციის წყარო ე.წ. დასავლური ღირებულებების გავრცელებით, რომლებიც უმეტესად ეწინააღმდეგება ტრადიციებსა და ეროვნულ იდენტობას”.

როგორც არძინბა ამბობს, სწორედ დასავლეთის ქვეყნები და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აქცევენ აფხაზეთს იზოლაციაში და ცდილობენ მისი ხმა დაახშონ საერთაშორისო არენაზე.

როგორც არძინბა აქამდე აცხადებდა, დღესდღეობით აფხაზეთში მუშაობს 11 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ საქმეს აკეთებს სხვადასხვა აქტივობის საშუალებით. მაგალითისთვის მან დაასახელა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და მისი წარმომადგენელი, საფრანგეთის მოქალაქე ტიფენ ლუკასი, რომელიც გუდაუთაში რუსული სამხედრო ბაზის სიახლოვეს აფხაზური ვაზის ჯიშების განვითარების პროექტზე მუშაობდა, სინამდვილეში კი, მისი თქმით, ბაზის შესახებ ინფორმაციის შეგროვებით იყო დაკავებული და აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

ამასთან, არძინბას თქმით, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხს აფხაზურ საზოგადოებაში სწორედ არასამთავრობოების მეშვეობით საქართველო ამწვავებს და ანტირუსულ განწყობებს თესავს. მტკიცებულებად მან დაასახელა თბილისში მცხოვრები აფხაზი ტიკ-ტოკ ბლოგერი დაურ ბუავა, რომელიც აფხაზეთში რუსეთის გავლენებზე და ბიჭვინთის გასხვისებაზე საუბრობს.

შესაბამისად, როგორც არძინბა აცხადებს, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გამო, მისი უწყება მხარს უჭერს აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების შესახებ კანონის შემუშავებას.

აფხაზეთში არასამთავრობოები “იატაკქვეშ” ინაცვლებენ

კანონი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ რუსეთში მოქმედებს და რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია პირდაპირ თუ ირიბად, რომ იდენტური კანონი აფხაზეთმაც უნდა მიიღოს. აფხაზეთში არასამთავრობო და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, 2023 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის პარლამენტში შევა კანონპროექტი უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ. ინიციატივას აფხაზური არასამთავრობო სექტორი მხარს არ უჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი