ახალი ამბები

ჩხაიძე: სეზონური გრიპი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კორონავირუსი

16 იანვარი, 2023 • 1427
ჩხაიძე: სეზონური გრიპი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კორონავირუსი

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელ ივანე ჩხაიძის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში კორონა და გრიპის ვირუსები ცირკულირებს. ამასთან, ძირითადი საფრთხე სიმძიმის თვალსაზრისით გრიპის ვირუსისგან მომდინარეობს.

„გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ნოემბრის შუა რიცხვებში. შემდეგ პერიოდში მცირდებოდა, თუმცა არის მოლოდინი, რომ იანვარ-თებერვალში ისევ იყოს ინფიცირების მაჩვენებლის მატება. თუმცა ეს არ სცილდება [რესპირატორული ვირუსების გავრცელების] საშუალო მაჩვენებელს, რაც კოვიდის პანდემიამდელ პერიოდში ფიქსირდებოდა“, — განაცხადა ივანე ჩხაიძემ „კვირის მედიაჰოლდინგში“.

ამ დროისთვის საქართველოში ძირითადად ცირკულირებს ა ტიპის გრიპის ვირუსები: 2009 წლის პანდემიური H1N1 ტიპის და 1968 წლის H3N2 ტიპის ვირუსით გამოწვეული ვარიანტები.

„გრიპის ვირუსით გამოწვეული დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე გაცილებით საყურადღებოა, ვიდრე კორონავირუსით. მაღალი ტემპერატურა, ძლიერი საერთო სისუსტე, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ხველა, ფილტვების ანთების მაღალი რისკი — ეს ყველაფერი ახასიათებს გრიპს. ამიტომ ძირითადი აქცენტი და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გრიპზე მოდის და არა — კორონავირუსზე“, — აცხადებს ივანე ჩხაიძე.

კორონავირუსის ახალი ქვეშტამი

საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. „კრაკენი“, რომელიც მსოფლიოში რამდენიმე თვეა ცირკულირებს. ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ვარიანტით ეპიდვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.

„ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკი რომ არსებობდეს, ამის უკან უნდა იდგეს არა მხოლოდ უფრო მეტად გადამდები, არამედ მეტად მძიმე მიმდინარეობის განმაპირობებელი ვარიანტი, რაც „ომიკრონის“ ეს ქვევარიანტი ნამდვილად არ არის. იმისთვის, რომ „კრაკენი“ გახდეს შეშფოთების საფუძველი, მას უნდა ჰქონდეს სამი თვისება: იყოს უფრო მეტად გადამდები, იწვევდეს უფრო მძიმე დაავადებას და იყოს რეზისტენტული ვაქცინების მიმართ. „კრაკენს“ აქედან მხოლოდ პირველი ახასიათებს — დღემდე არსებულ „ომიკრონის“ ყველა მუტაციას შორის ყველაზე იოლად და სწრაფად გადამდები ვარიანტია“, — ამბობს ჩხაიძე.

„კრაკენთან“ დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, თვითმფრინავში ნიღბის ტარების შემოღება ხანგრძლივი და იმ ქვეყნებიდან ფრენის შემთხვევაში, სადაც „ომიკრონის“ ახალი ქვევარიანტი არის გავრცელებული.

ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რომ „კრაკენის“ მიმართ განსაკუთრებით ეფექტურია კორონავირუსის განახლებული ბივალენტური ვაქცინები, რომლებიც შეიცავს როგორც „ომიკრონის“ ერთ-ერთ ვარიანტს, ასევე, ორიგინალური ჩინური ვირუსის საწინააღმდეგო ვირუსის ვარიანტს.

„თუ თქვენ გადატანილი გაქვთ კორონავირუსი 2022 წლის ივლისამდე, ჯერ კიდევ შენარჩუნებული გაქვთ რეზისტენტობა „ომიკრონის“ ახალი ვარიანტის მიმართ. ასევე, თუ ვაქცინირებული ხართ ახალი ბივალენტური ვაქცინით ან გაკეთებული გაქვთ ბუსტერ დოზა სექტემბრის შემდეგ, თქვენი დაცვა არის მაღალი. თუ გსურთ, თავი დაიცვათ ამ ქვეშტამისგან, ამის საშუალებაა ბუსტერ დოზით ვაქცინაცია ან ბივალენტური ვაქცინის გაკეთება“, — განაცხადა ჩხაიძემ.

ივანე ჩხაიძის თქმით, „კრაკენის“ ქვეშტამის დაფიქსირება საქართველოშიც მოსალოდნელია, თუმცა, მაქსიმუმ რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს, არის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატება. დაავადების სიმძიმის მხრივ, „კრაკენი“, ისევე, როგორც კორონავირუსის ნებისმიერი ქვევარიანტი, საფრთხეს წარმოადგენს 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი