ახალი ამბები

ცნობილია 2023 წლის ოქროს გლობუსის ცერემონიის გამარჯვებულები

11 იანვარი, 2023 • 797
ცნობილია 2023 წლის ოქროს გლობუსის ცერემონიის გამარჯვებულები

10 იანვარს გაიმართა ოქროს გლობუსის მე-80 დაჯილდოების ცერემონია. ყოველწლიური დაჯილდოების ირგვლივ მიმდინარე ეთიკური და ფინანსური სკანდალების გამო, რომელში ფიგურირებდა ჰოლივუდის  უცხოური პრესის ასოციაციაც,  წინა წლებისგან განსხვავებით, NBC-მ მიიღო გადაწყვეტილება, თავისი ეთერით არ გადაეცა წლევანდელი დაჯილდოების ცერემონია. მიუხედავად ამისა, ოქროს გლობუსის რიგით მე-80 დაჯილდოების ცერემონია უცვლელად ჩატარდა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

კატეგორიაში „საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა” პრიზი გადაეცა სტივენ სპილბერგის ფილმს „ფაბელმანები“ („The Fabelmans”). ასევე, სპილბერგს მესამედ გადაეცა ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისურისთვის.

სტივენ სპილბერგი ფილმისთვის „ფაბელმანები”მოპოვებული ორი ოქროს გლობუსით – EPA-EFE/CAROLINE BREHMAN

ფილმმა „The Banshees of Inisherin“ – სამ კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება. სურათი დასახელდა „საუკეთესო ფილმად – მიუზიკლსა ან კომედიაში”, საუკეთესო მსახიობი მიუზიკლისა ან კომედიისა კატეგორიაში გახდა კოლინ ფარელი,  საუკეთესო სცენარისთვის კი ჯილდო გადაეცა ფილმის რეჟისორსა და სცენარისტ მარტინ მაკდონას.

კოლინ ფარელი და მარტინ მაკდონა დაჯილდოების შემდეგ – EPA-EFE/CAROLINE BREHMAN

საუკეთესო ქალ მსახიობად დრამის კატეგორიაში დასახელდა ქეით ბლანშეტი ფილმისთვის ტარი („Tár“). ქალის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი ჯილდო მოიპოვა ანჯელა ბასეტმა ფილმისთვის „შავი პანტერა: ვაკანდა სამუდამოდ“ („Black Panther: Wakanda Forever“).

ანჯელა ბასეტი ოქროს გლობუსით – EPA-EFE/CAROLINE BREHMAN

ოსტინ ბატლერი გახდა საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი დრამის კატეგორიაში ფილმისთვის – „ელვისი” („Elvis”). მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში „ყველაფერი ყველგან ერთდროულად” („Everything Everywhere All at Once“) პრიზი გადაეცა კე ჰუი ქუანს (Ke Hui Quan).

ოსტინ ბატლერი ოქროს გლობუსის მოპოვების შემდეგ – EPA-EFE/CAROLINE BREHMAN

საუკეთესო უცხოურენოვან ფილმად დასახელდა – „არგენტინა 1985″.

პრიზი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ერგო „პინოქიოს”.

სატელევიზიო სერიალების კატეგორიაში გამარჯვებულები გახდნენ:

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – დრამა: „დრაკონის სახლი” („House of the Dragon”).

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – მიუზიკლი ან კომედია: „Abbott Elementary”.

საუკეთესო მინისერიალი, ანთოლოგია ან სატელევიზიო ფილმი: „თეთრი ლოტოსი” („The White Lotus”).

გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ აქ

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი