ახალი ამბებიკინო

ბრენდან ფრეიზერის თქმით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და არ დაესწრება ოქროს გლობუსის დაჯილდოებას

17 ნოემბერი, 2022 • 2581
ბრენდან ფრეიზერის თქმით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და არ დაესწრება ოქროს გლობუსის დაჯილდოებას

ბრენდან ფრეიზერი ამბობს, რომ განურჩევლად იმისა, მოხვდება თუ არა მამაკაცის საუკეთესოდ შესრულებული როლის ნომინაციაში დარენ არონოვსკის ფილმისთვის „ვეშაპი“, არ დაესწრება მომავალი ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას. ფრეიზერი აცხადებს, რომ იგი იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი დაჯილდოების წინა პრეზიდენტის მხრიდან.

2018 წელს ბრენდან ფრეიზერმა საჯაროდ განაცხადა, რომ ფილიპ ბერკი – ჰოლივუდის უცხოური პრესის დიდი ხნის წევრი და ოქროს გლობუსის ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი, 2003 წელს ბევერლი ჰილსში გამართულ ლანჩზე სექსუალური სიამოვნების მისაღებად შეეხო მისი სურვილის გარეშე.

ფრეიზერის თქმით, სწორედ ეს ინციდენტი გახდა წლების მანძილზე ჰოლივუდიდან გაუჩინარების მიზეზი: „მე ვადანაშაულებდი საკუთარ თავს და ვიყავი საბრალო, რადგან ვამბობდი -„ეს არაფერია. ამ ბიჭმა ხელი გამოწია და შემეხო სიამოვნების მიღების მიზნით” … ეს თავს მარტოსულად მაგრძნობინებდა.”

ბრენდან ფრეიზერი ფილმის” ვეშაპი” პრემიერაზე –  EPA-EFE/ETTORE FERRARI

2018 წელს ბერკმა „სრული ფაბრიკაცია” უწოდა ფრეიზერის განცხადებას,  თუმცა აღიარა, რომ წარსულში მომხდარი ინციდენტის გამო წერილობით მოუხადა ბოდიში მსახიობს. ფრეიზერის განცხადებისა და შიდა გამოძიების შემდეგ – ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ განაცხადა, რომ ბერკი „შეუსაბამოდ შეეხო” ფრეიზერს, მაგრამ ბერკის საქციელი „მიღებული უნდა ყოფილიყო  როგორც ხუმრობა და არა სექსუალური შევიწროება”.

ბერკი ჰოლივუდის უცხოური პრესის წევრად რჩებოდა წინა წლამდე, მანამ, სანამ განაცხადა რომ მოძრაობა „Black Lives Matter” არის  „რასისტული სიძულვილის ორგანიზაცია”.

გასული წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონია თითქმის გაუქმდა, რადგან ეთიკური დარღვევების გამო ორგანიზაცია სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ დაჯილდოების გუნდში არცერთი ფერადკანიანი ადამიანი არ იღებდა მონაწილეობას. ბევრმა ვარსკვლავმა და საზოგადო მოღვაწემ ბოიკოტი გამოუცხადა ოქროს გლობუსს.

რეფორმების შემდეგ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ განაცხადა, რომ ოქროს გლობუსის მე-80 დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 10 იანვარს.

ფრეიზერი ნომირების შემთხვევაშიც არ მიიღებს დაჯილდოებაში მონაწილეობას – „უფრო დიდი ისტორია მაკავშირებს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციასთან, ვიდრე პატივისცემა ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიმართ”, – განაცხადა ფრეიზერმა “GQ-სთან” ინტერვიუში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი