ახალი ამბები

ცესკო: ამომრჩეველთა 20%-მა გააკეთა არჩევანი

30 მაისი, 2010 • 1431
ცესკო: ამომრჩეველთა 20%-მა გააკეთა არჩევანი

ცესკოს ინფორმაციით დღის 12 საათისთვის მოქალაქეთა აქტივობამ საარჩევნო უბნებზე მთელი საქართველოს მასშტაბით 20% შეადგინა.

კომისიის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებული  3 544 770 ამომრჩევლიდან 706 375 ადამიანი მივიდა უკვე საარჩევნო უბნებზე.

აქედან 188 686 ამომრჩეველმა თბილისის უბნებში მისცა ხმა, რაც დედაქალაქის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (981 505) 19.22%-ია.

იმავდროულად, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება იტყობინება, რომ იმ საარჩევნო უბნების 17%, სადაც ის მონიტორინგს ახორციელებს, დროულად, ანუ დილის 8 საათზე არ გახსნილა. თუმცა, ცესკომ უარყო ეს და განაცხადა, რომ ყველა 3 694 საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა.

ცესკოს ინფორმაციით, წალკის ერთ-ერთ უბანზე მაჟორიტარული არჩევნები ჩაიშალა, ვინაიდან მაჟორიტარული ბიულეტენები ამ უბანზე ”ტექნიკური ხარვეზის” გამო არასწორად იქნა მიტანილი. შესაბამისად, ამ უბანზე მხოლოდ პროპორციული არჩევნები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი