ახალი ამბები

სააკაშვილის ყველაზე მძიმე დიაგნოზია დემენცია, აქვს კრუნჩხვები — ამერიკელი ექსპერტი

9 იანვარი, 2023 •
სააკაშვილის ყველაზე მძიმე დიაგნოზია დემენცია, აქვს კრუნჩხვები — ამერიკელი ექსპერტი

დღეს, 9 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, სადაც განიხილავენ მისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას.

დღევანდელ პროცესზე ამერიკელი ექსპერტი, ნევროლოგი ემანუელ ლახანი იკითხება. თავად სააკაშვილი დღევანდელ პროცესს არ ესწრება. ადვოკატების ცნობით, პროცესს სააკაშვილი დისტანციურადაც ვერ დაესწრება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.

როგორც უცხოელმა ექსპერტმა განაცხადა, სააკაშვილს სერიოზული დაავადებები აქვს, რაც სასჯელის მოხდისთვის ხელის შემშლელი ფაქტორია.

„ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ იგი სერიოზულად არის ავად. მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქცია, მათ შორის, ეს არის: თავის ტვინის, ზურგის ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის. ყველაზე მძიმე დიაგნოზია დემენცია, რომელიც მას აქვს. ასევე არენიშნება კრუნჩხვები, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ხელს უშლის სიარულის ფუნქციის განხორციელებაში. ასევე, მას აქვს ხერხემლის სვეტის, კისრის მიდამოში მალებს შორის დისკების მხრიდან ზურგის ტვინის კომპრესი, ანუ, ზურგის ტვინზე ზეწოლა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

ასევე, ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას. ეს არის ყველაზე სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა იმათ შორის, რომელიც მას აქვს“, — განაცხადა ემანუელ ლახანმა.

ამერიკელი ექსპერტის თქმით, სააკაშვილს ქრონიკული დაავადებები აქვს, რომლებიც ქმნის სიკვდილის საშიშროებას.

„განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლია, მიგვიყვანოს უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრჯერ მინახავს კრუნჩხვითი შეტევები. თუ მათი მკურნალობა სწორად არ ხდება, შეიძლება განვითარედეს უცაბედი სიკვდილი. ჩემი გამოკვლევის შედეგად ვხედავ, რომ ეს საშიშროება არის, რადგანაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება”, –  განაცხადა ლახანმა.

პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას სხვა ექსეპეტებმაც ისაუბრეს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი