ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, პატრიარქის მისდამი მილოცვა არასწორად გაიგეს

6 იანვარი, 2023 • 1712
სააკაშვილის თქმით, პატრიარქის მისდამი მილოცვა არასწორად გაიგეს

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე დღეს, 6 იანვარს გამოქვეყნდა მისი განცხადება. სააკაშვილი წერს, რომ ადამიანთა ნაწილმა არასწორად გაიგო პატრიარქ ილია მეორის მიერ მისთვის გაგზავნილი მილოცვის ტექსტი.

„დღეს არის შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მადლობელი ვარ მისი  წმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს.

მინდა ვუპასუხო მათ ვინც “სულიერი რეალობა” რაღაცნაირად ციხეს დაუკავშირა, მათ გამორჩათ სიტყვა “სულიერი”.

ბოლო წლის გნამავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად, პირველად მრავალგზის ვეზიარე, ჩავაბარე აღსარება, გავიარე ზეთისცხება და რაც მთავარია მქონდა ბევრი ლოცვის დრო და შესაძლებლობა.

რაც შეეხება ციხეს, უკრაინელი მებრძოლების მთავარი ლოზუნგია – თავისუფლება ან სიკვდილი, ასე რომ გაიმარჯვებს თავისუფლება.

ყველას გილოცავთ შობას“, — წერს მიხეილ სააკაშვილი.

ილია მეორემ სააკაშვილს რამდენიმე დღის წინ წერილი მისწერა, სადაც აღნიშნულია:

„გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად”.


მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი ცრუობს თავისი ჯანმრთელობის შესახებ და ის, უბრალოდ, ვერ ეგუება ციხეში ყოფნას.

თავის მხრივ, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეს ადასტურებენ როგორც თავად „ვივამედის“ ექიმები, ისე უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტები.

მთავარ ფოტოზე: ილია მეორე ლოცავს პრეზიდენტის პოსტზე ახლადარჩეულ მიხეილ სააკაშვილს. 24 იანვარი, 2004. ფოტო/AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი