ახალი ამბები

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დივერსიისთვის უვადო პატიმრობასაც ითვალისწინებს

29 დეკემბერი, 2022 • 1451
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დივერსიისთვის უვადო პატიმრობასაც ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დივერსიისთვის სასჯელს ამკაცრებს და უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.

ახალი კანონით რუსეთში სისხლის სამართლის კანონით დასჯადი ხდება: დივერსიული საზოგადოების შექმნა, დივერსიების მომზადება და ხელშეწყობა, მათი დაფინანსება და პროპაგანდა.

კერძოდ, დივერსიის წახალისება და დაფინანსება 8-დან 15 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დივერსიის ხელშეწყობა ისჯება 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

კანონი ასევე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ დივერსიის ჩადენის მომზადებისთვის.

კანონის ერთ-ერთმა ავტორმა, სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელმა ვასილი პისკარევმა განაცხადა, რომ რუსეთში 2022 წელს დივერსიული აქტების რაოდენობა მკვეთრად – 21-მდე გაიზარდა, მაშინ, როცა 2021 წელს მხოლოდ ერთი დივერსიული აქტი დაფიქსირდა. პისკარევმა დივერსიის გამო უვადო თავისუფლების აღკვეთას სავსებით გამართლებული უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი