ახალი ამბები

13 წლის მარიტა მეფარიშვილი პრეზიდენტმა თავგანწირვისთვის დააჯილდოვა

29 დეკემბერი, 2022 • 4669
13 წლის მარიტა მეფარიშვილი პრეზიდენტმა თავგანწირვისთვის დააჯილდოვა

13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც ვაკის პარკის შადრევანში მეგობრების გადარჩენისას დაიღუპა, პრეზიდენტმა სახელმწიფო მედლით დააჯილდოვა.

სახელმწიფო ჯილდო თავგანწირვისთვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მარიტას ოჯახს გადაეცა, ხოლო ,,ეკოსერვის ჯგუფის“ უფროსი მებაღე დევი მეზურნიშვილი 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის დროს მოზარდების გადარჩენის მიზნით გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა.

 


მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ 2 მოზარდს დენმა დაარტყა, რომლებიც გადარჩნენ. მათ საშველად შადრევანში ჩასული 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კი დაიღუპა. შადრევანი ამ შემთხვევის წინა დღეს თავად კახა კალაძემ გახსნა საზეიმოდ.

საქმეზე 9 პირია დაკავებული, მათ შორის, მერიის თანამშრომელი.

დაკავებულებს პროკურატურამ ბრალი 19 ოქტომბერს წარუდგინა სამსახურებრივი, ასევე, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე.

როგორც “გრინსერვის პლუსის”, ისე “მშენ-ექსპერტის” თანამშრომელთა ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფნი ბრალს არ აღიარებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი