ახალი ამბები

EU-ს რეკომენდაციების შესრულებას მოსახლოების 71% მნიშვნელოვნად მიიჩნევს – NDI-ის კვლევა

16 სექტემბერი, 2022 • 905
EU-ს რეკომენდაციების შესრულებას მოსახლოების 71% მნიშვნელოვნად მიიჩნევს – NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, უმრავლესობისთვის ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია. ამასთან, მოქალაქეების ერთი მესამედი მოელის, რომ მთავრობა ამ პირობებს შეასრულებს, მეორე მესამედი კი ფიქრობს, რომ არ შეასრულებს.

კერძოდ, გამოკითხულთა 71% მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად ყველა რეკომენდაცია შეასრულოს, 12% კი ამბობს, რომ უმნიშვნელოა.

ხოლო გამოკითხულთა 33% მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა სტატუსის მისაღებად დაწესებულ პირობებს არ შეასრულებს. 32%-ის აზრით, ქვეყანა აღნიშნულ პირობებს შეასრულებს.

გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ არ სმენია, 62%-ს კი სმენია. ხოლო მათ შორის, ვისაც აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სმენია, 56% ეთანხმება, რომ საქართველოს მთავრობამ არ გააკეთა საკმარისი იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღო.

შეკითხვაზე – თქვენი აზრით, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის დაწესებული პირობების შესრულების პროცესში ჩართავს თუ არა მთავრობა ოპოზიციურ პარტიებს, 35% დადებითად, 35% კი უარყოფითად პასუხობს.

ანალოგიურ კითხვაზე სამოქალაქო საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობაზე 33% ფიქრობს, რომ მთავრობა მათ ამ პროცესში არ ჩართავს, 34% კი ფიქრობს, რომ ჩართავს.


NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში საქართველოში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე, ქვეყნის მასშტაბით, ზრდასრული მოსახლეობა პირისპირ გამოკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი