ახალი ამბები

„შეეძლოთ განცხადების შემოტანა“ – სამუშია კითხვაზე, რატომ იყო ერთადერთი კანდიდატი

27 დეკემბერი, 2022 • 696
„შეეძლოთ განცხადების შემოტანა“ – სამუშია კითხვაზე, რატომ იყო ერთადერთი კანდიდატი

თსუ-ის ახალი რექტორი ჯაბა სამუშია, რომელიც რექტორის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო, აცხადებს, რომ რექტორობის მსურველებს „თვე-ნახევრის განმავლობაში შეეძლოთ განცხადების შემოტანა“.

„საარჩევნო პერიოდი თვე-ნახევარი მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, რომ 15 ნოემბერს მიიღო აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება რექტორის არჩევნების გამოცხადებასთან დაკავშირებით. დღეს 27 დეკემბერია. თვე-ნახევრის განმავლობაში ყველას ჰქონდა უფლება, შემოეტანა განაცხადი. ვერ გეტყვით, რატომ ვერ შემოიტანეს“, – განუცხადა სამუშიამ ჟურნალისტებს.

ჟურნალისტების რეპლიკაზე, – რომ ოპოზიციის წარმომადგენლების თანახმად, მისი არჩევის პროცესი პოლიტიკურად იყო მართული, – სამუშიამ განაცხადა:

„მე მათ [ოპოზიცას] ვთხოვ, რომ ჰკითხონ ამ უნივერსიტეტის თანამშრომლებს, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრება მაქვს უნივერსიტეტში გატარებული… ეს უნივერსიტეტი ჩვენია, ეს არის ჩვენი სახლი, თითოეული უნივერსიტეტელისთვის, თითოეული თსუ-ელისათვის, და მე ვთვლი, რომ, – დაბადებიდან არა, მაგრამ 13 წლიდან, – ვარ თსუ-ელი და ეს მე ძალიან მეამაყება“.

არჩევნები დღეს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა. წესდების თანახმად, რექტორი 38-წევრიან აკადემიურ საბჭოს უნდა აერჩია – 4 წლის ვადით. არჩევნებზე 32 წევრი გამოცხადდა, აქედან სამუშიამ 30 ხმა აიღო, ორ ბიულეტენი კი ბათილად ცნეს.

რექტორის ასეთ არჩევნებს მანამდე აპროტესტებდა სტუდენტთა ნაწილი, მათ შორის „მაისის სტუდენტური მოძრაობა“. ისინი მიიჩნევენ, რომ ამგვარი არჩევნები არადემოკრატიულია და უნივერსიტეტის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის. გუშინ ღამით, 26 დეკემბერს, მათ 107-ე აუდიტორიის გადაკეტვაც სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. სტუდენტები აქ მთელი ღამის განმავლიბაში იყვნენ.

„არჩევნების წესის ცვლილება“?

რაც შეეხება არჩევნებს, „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრის, საბა ბულისკერიას თქმით, გუშინ გვიან ღამით შედგა შეხვედრა სამუშიასა და სტუდენტებს შორის.

ბულისკერიას თქმით, მათ დაპირება მიიღეს რომ საცხოვრებლის პრობლემა მოგვარდებოდა და რექტორობის არჩევის ეს წესი შეიცვლებოდა. ამ უკანასკნელზე კი მუშაობა უახლოეს დღეებში დაიწყებოდა.

ჟურნალისტების კითხვაზე ამ საკითხთან დაკავშირებით ჯაბა სამუშიამ განაცხადა:

„გუშინ შევთანხმდით… ეს იყო განხილვის საგანი, რომ შესაბამის ჯგუფთან ერთად, სენატის სტუდენტურ წარმომადგენლობასთან ერთად შეუძლიათ, ეს დისკუსია დაიწყონ. რა თქმა უნდა, დისკუსიისთვის ღიაა კარი ყოველთვის და მოხარული ვიქნები, თუ სტუდენტობა გარკვეულ კომპრომისამდე, შეთანხმებამდე მივა“.

დამაზუსტებელ კითხვაზე, პირადად დაჰპირდა თუ არა რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, სამუშიამ განაცხადა:

„ჩემი ხედვა მეორეხარისხოვანია. არსებობს სრული მზადყოფნა, რომ ამაზე დისკუსია დაიწყოს. როგორი უნდა იყოს ეს წესი, ან როგორ უნდა მოეწყოს, მომავლის საქმეა, დისკუსიის საქმეა… ბუნებრივია, ღიაა ეს პროცესი. ვუთხარი გუშინ სტუნდეტებს, რომ მოხარული ვიქნები, თუ თანატოლებთან ერთად აქტიურად დაიწყებენ დისკუსიას უნივერსიტეტის მომავალზე“.

სამუშიამ ასევე განაცხადა, რომ სტუდენტური საერთო საცხოვრებლის საკითხის მისი მოვალეობის შემსრულებლად არჩევის „პირველივე დღეს დაიძრა“ და „ნებისმიერი სხვა საკითხი, რაც არის ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, გადაწყდება ისე, როგორც უნივერსიტეტის ინტერესებში იქნება“.

ჯაბა სამუშიამ მადლობა გადაუხადა აკადემიური საბჭოს წევრებს და განაცხადა, რომ ეცდება იმუშაოს, რათა „თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტი გახდეს სანიმუშო არა მხოლოდ რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში იყოს ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელი“.


სამუშია აქამდე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზეც მხოლოდ მან იყარა კენჭი.

კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 ოქტომბერს, „ნეტგაზეთის“ კითხვაზე პასუხად, აპირებდა თუ არა რექტორად კენჭისყრას, სამუშიამ განაცხადა: „ამ ეტაპზე არაფერი მსგავსი არც იგეგმება“.

თსუ-ის რექტორის თანამდებობას გიორგი შარვაშიძე 2016 წლიდან იკავებდა. მეორე ვადით იგი 2020 წლის აგვისტოში აირჩიეს 4 წლით ვადით, შესაბამისად, შარვაშიძე რექტორად 2024 წლამდე უნდა დარჩენილიყო.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, შარვაშიძე დიპლომატიურ კორპუსში გააგრძელებს საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი