ახალი ამბები

თსუ-ში რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით სტუდენტების პროტესტს ხმაური მოჰყვა

27 დეკემბერი, 2022 • 836
თსუ-ში რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით სტუდენტების პროტესტს ხმაური მოჰყვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები 27 დეკემბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო ოთახის შესასვლელის გადაკეტვას შეეცადნენ, რასაც ხმაური მოჰყვა.

როგორც “მაისის სტუდენტური მოძრაობა” წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, ისინი აპროტესტებენ რექტორის დაგეგმილ არჩევნებს, რადგან მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი რექტორის არჩევას “არადემოკრატიული წესით” აპირებს.

სტუდენტური მოძრაობა ასევე აღნიშნავს, რომ თსუ-ს დაცვის უფროსმა გიორგი გორაშვილმა სტუდენტზე ფიზიკურად იძალადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:

“ვცდილობდით მაგიდები და სკამები დაგვედგა გარშემო [აუდიტორიის შესასვლელთან]. ზუსტად ამ დროს გამოჩნდა დაცვის სამსახურის უფროსი, გიორგი გორაშვილი, რომელმაც ჯერ ფიზიკურად იძალადა სტუდენტზე, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

ცნობისთვის: ხვალ რექტორის არჩევნებია უნივერსიტეტში, რომელიც არადემოკრატიული წესით ტარდება, რექტორის კანდიდატი წინასწარვე შერჩეულია და ის მხოლოდ ერთია. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო და არა სრული პროფესურა.

ვითხოვთ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და გახდეს დემოკრატიული და არა მცირე კლანის მიერ მართული. რექტორს ირჩევს საუნივერსიტეტო და სამთავრობო ელიტა და არა აკადემიური სივრცე! ეს უნდა შეიცვალოს!”, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.

“ნეტგაზეთი” თსუ-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ სტუდენტები აუდიტორიაში შეჭრას ცდილობდნენ, დაცვამ კი ხელი შეუშალა. ამასთან, პრესსამსახურის განცხადებით, არ მომხდარა ფიზიკური დაპირისპირებაც. თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად უნივერსიტეტში ხმაური აღარაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი