ახალი ამბები

3-გვერდიანი შესწორების ოქმი უბანზე და შესწორების ოქმის შესწორება

5 ნოემბერი, 2020 • 1263
3-გვერდიანი შესწორების ოქმი უბანზე და შესწორების ოქმის შესწორება

22-ე საარჩევნო ოლქის მე-20 უბნის (წყალტუბო, სოფელ მაღლაკი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი. მათი განცხადებით, აღნიშნულ უბანზე არჩევნები ჩატარდა საარჩევნო პროცედურების სრული დარღვევით, მათ შორის არასწორადაა შევსებული შემაჯამებელი ოქმი და მისი 3-გვერდიანი შესწორება, შემდეგ კი, უკვე შესწორების ოქმის შემასწორებელი განცხადება, რაც პარტიებს არჩევნების გაყალბების განცდას უჩენს.  ამ ერთი უბნის შემაჯამებელ ოქმსა და შესწორების განცხადებაში , საერთო ჯამში, დაშვებულია 14-დან 16 შეცდომამდე.

მე-20 უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში სულ 463-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა პარტიების მიერ მიღებული ხმებისა და გაბათილებული ბიულეტენების საერთო ჯამმა 512 შეადგინა, რაც 49 ხმით მეტია არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რიცხვზე. ხმის დათვლის შემდეგ, საუბნო კომისიამ შეადგინა სამ ეტაპად (3-გვერდიანი ) შესწორების ოქმი, რომელშიც 13 შესწორება შევიდა, რასაც კიდევ დაერთო კომისიის მდივნის განცხადება, რომ შესწორების ოქმში პარტიის გრაფაში გამორჩა თავისუფალი საქართველო – კახა კუკავა, გოგი წულაიას დასახელების შეტანა, ანუ შესწორების ოქმს თან ახლავს შესწორების შესახებ ახსნა-განმარტება.

საბოლოოდ, სამივე შესწორების გათვალისწინებით, ევროპულ საქართველოს მოემატა 1 ხმა, ნაციონალურ მოძრაობა – ძალა ერთობაშიას მოაკლდა 43 ხმა და ნაცვლად 189-სა გაუხდა 146. თითო-თითო ხმა დაკარგეს პატრიოტთა ალიანსმა, პარტია საქართველომ, საქართველოს კონსერვატორულმა პარტიამ და ქართულმა მარშმა. 2-2 ხმა დაკარგეს სოლიდარობის ალიანსმა, ქართულმა იდეამ და ლელომ. კახა კუკავას თავისუფალმა საქართველომ შესწორების ოქმების შემდგომ მიიღო 4 ხმით ნაკლები, თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზამ ნაცვლად 6-სა მიიღო 3 ხმა, ხოლო ქართულ ოცნებას მოემატა 9 ხმა და გაუხდა 207, ნაცვლად 198-სა. ასევე გაიზარდა ბათილი ბიულეტენების რაოდენობა და 19-ს ნაცვლად 23 გახდა.

შესწორების ოქმების შემდეგ, პარტიების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამმა მაინც გადააჭარბა არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის რიცხვს 3 ხმით და შეადგინა 466, ნაცვლად ბალანსისა, რომელიც 463 უნდა ყოფილიყო.

Design by netgazeti ge

უბანზე არჩევნების შედეგები გააპროტესტა სამმა პოლიტიკურმა სუბიექტმა –  ნაციონალურმა მოძრაობამ – “ძალა ერთობაშია”, პოლიტიკურმა პარტიამ  “ლელო” და ნინო ბურჯანაძის   “დემოკრატიულმა მოძრაობამ”.

ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი საჩივარი შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს, რადგან ოქმში 49 ხმით მეტი დაფიქსირდა, ვიდრე უბანზე ამომრჩეველი მივიდა. ხოლო შესწორების ოქმი გაკეთდა, რათა “დასმულიყო ბალანსი”, რაც მაინც ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, პოლიტიკური ბლოკის მიერ წარდგენილ საჩივარში ნათქვამია, რომ შესწორებისათვის არ მომხდარა ხმების თავიდან გადათვლა.

“აღნიშნული შესწორება განხორციელდა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, უნდა მომხდარიყო ხმების  ხელახალი გადათვლა, რასაც ადგილი არ ჰქონია. არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთება, რომ შესწორება ასახავს რეალობას. პირიქით, ფაქტია, რომ შესწორება განხორციელდა ერთ კონკრეტულ სუბიექტზე “41 ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოზე” ხმების მომატების მიზნით” ,- ნათქვამია საჩივარში.

კიდევ ერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც ოლქის ოქმების ბათილად ცნობას ითხოვს, გახლავთ “ლელო”. პარტიის მიერ გაგზავნილ საჩივარში ნათქვამია, რომ ოქმების შევსების დროს არ არის დატანილი შევსების დრო.

წინა ორი საჩივრის შინაარსს იმეორებს “ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” მიერ წარდგენილი საჩივარიც, სადაც წერია, რომ პროპორციული კენჭისყრის ოქმში შეტანილია არასწორი ინფორმაცია, სადაც ხმების რეალური რაოდენობა და ოქმში ხმების რაოდენობა არ ემთხვევა ერთმანეთს და  შემაჯამებელ ოქმზე არ არის დატანილი ოქმის შევსების თარიღი და დრო. ამიტომ, პარტიის მიერ გაგზავნილ საჩივარში ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს ბიულეტენების, სამაგიდო სიებისა და ჩანაწერების წიგნის გახსნა და თავიდან გადაითვალოს ხმები.

მართლაც ოლქის მე-20 უბნის შემაჯამებელ ოქმზე არ არის დატანილი მისი შევსების თარიღი და დრო.

ნეტგაზეთი შეეცადა დაკავშირებოდა ამ უბნის კომისიის თავმჯდომარეს, რათა მოესმინა პასუხი, თუ რამ გამოიწვია შემაჯამებელ ოქმში 13 შეცდომის , შესწორების ოქმში 1 შეცდომის, ხოლო ისევ შემაჯამებელ ოქმზე მისი შევსების თარიღისა და დროის არდატანა.

ნეტგაზეთმა კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, თუ როდის შეივსო შესწორების ოქმები და ყველამ მოაწერა თუ არა ხელი, რაზეც კომისიის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ შესწორების ოქმები მალევე, ყველას თანდასწრებით შეივსო. მისი თქმით, შეცდომა გამოწვეულია გამოუცდელობით.

“მდივანი ახალბედა იყო, თუმცა ციფრი არის უზუსტესი, შავი ფურცლიდან გადაიტანა არასწორად, მაგრამ შემდეგ ყველას თანდასწრებით შეასწორა”, – აცხადებს მე-20 უბნის კომისია.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, შესწორების ოქმების შევსების დროს თავიდან გადაითვალეს თუ არა ხმები, რაზეც კომისიის თავმჯდომარე პასუხობს, რომ არა, რადგან უკვე ჰქონდათ “შავ ფურცელზე დაწერილი სწორი ხმები”, ამიტომ მეორედ აღარ გახდა საჭირო გადათვლა.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ არის შემაჯამებელ ოქმზე დატანილი მისი შევსების თარიღი და დრო, კომისიაში გვიპასუხეს, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს და თუ არ არის, მაშინ დარღვევაა.

პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შევსებულ საჩივრებს საარჩევნო კომისიები დღევანდელი დღის, 5 ნოემბრის ჩათვლით განიხილავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი