ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“ყარაბაღელებისთვის გზის ჩაკეტვა არაჰუმანურია” – რას ფიქრობენ აზერბაიჯანში

26 დეკემბერი, 2022 • 2545
“ყარაბაღელებისთვის გზის ჩაკეტვა არაჰუმანურია” – რას ფიქრობენ აზერბაიჯანში

ავტორი: ნიკა მუსავი


რა ხდება ლაჩინის კორიდორთან დაკავშირებით – რას ამბობენ ბაქოში

ორი კვირაა ლაჩინის კორიდორში, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, აზერბაიჯანელ სამოქალაქო პირთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარ თავს აქტივისტებს უწოდებენ, აქციებს მართავენ. მისი მონაწილეები ითხოვენ, შეხვედეს მათ  რუსი სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელი; ასევე, აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურები დაუშვან რუსი სამხედროების კონტროლქვეშ არსებულ ყარაბაღის ტერიტორიებზე ოქროს და სპილენძის საბადოებზე.

აქციებმა სრულად ჩაკეტა ლაჩინის კორიდორი, რომელიც ყარაბაღელი სომხებისთვის “სიცოცხლის გზაა”. 

ყარაბაღელთა საპროტესტო მარში რუსი სამშვიდობოების ბლოკპოსტამდე – ფოტორეპორტაჟი

ახლა, როდესაც ეს გზა ჩაკეტილია, ყარაბაღელი სომხები ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ. ყოველ შემთხვევაში, ამას ირწმუნება სომხური მხარე. ოფიციალური ბაქო, თავის მხრივ, კოროდორის ბლოკირებას უარყოფს და ამბობს, რომ აქციის მონაწილეები არ ქმნიან რაიმე წინააღმდეგობას ტვირთის შემოტანის ან ადგილობრივი მოსახლეობის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების პროცესში. გზას კი თუ ვინმე კეტავს – ეს რუსი სამშვიდობო ჯარია. ამასთან, აზერბაიჯანის ხელისუფლება უარყოფს რაიმე მონაწილეობას აქციის ორგანიზებაში და ირწმუნება, რომ ეს არის მთლიანად “ეკოაქტივისტების” ინიციატივა.

ლაჩინის კორიდორთან დაკავშირებულმა მდგომარეობამ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში იმაზე ნაკლები ვნებათაღელვა გამოიწვია, ვიდრე მიმდინარე წლის სექტემბერში აზერაბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირებამ. ლაჩინის კორიდორში მიმდინარე ამბებს აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რაც მათ აშინებთ, ისაა, რომ ამის ნიადაგზე ახალი შეიარაღებული დაპირისპირება არ დაიწყოს. 

ამის მიუხედავად, კორიდორის ბლოკირების საკითხი აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების მიერ აქტიურად განიხილება. კითხვები კი შემდეგია: 

  • ნამდვილად ჩაკეტილია კორიდორი თუ სომხეთი აზერბაიჯანს ტყუილად აბრალებს?
  • ვინ დგას აქციების უკან – აქტივისტები თუ აზერბაიჯანის ხელისუფლება? 
  • საქმე ნამდვილად საბადოებს ეხება თუ აქციის მიზანი აზერბაიჯანის მიერ კონტროლის დამყარებაა ლაჩინის კოროდორზე და ყარაბაღის დარჩენილ ნაწილზე? 

აქტივისტები თუ თვითმარქვიები?

მათ შორის ისინიც კი, ვინც მხარს უჭერენ აქციას და გამართლებულად მიიჩნევენ, ვარაუდობენ, რომ აქციის მონაწილეები არ არინ ეკაქტივისტები. ისინი კი, ვინც მიმდინარე მოვლენის წინააღმდეგ გამოდიან, დარწმუნებული არიან, რომ აქციის მონაწილეები აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გაგზავნილი თვითმარქვიები არიან.

ამას რაიმე კავშირი არ აქვს აზერბაიჯანში ერთადერთ მეტ-ნაკლებად ფუნქციურ საზოგადოებრივ ეკოორგანიზაციის Ecofront -ის აქციასთან. მისმა ხელმძღვანელმა ჯავიდ გარამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კორიდორის ბლოკირება “ჰუმანიზმის ჩარჩოებს სცდება”. გარა ამბობს, რომ აქციის გზავნილები სამართლიანია, თუმცა, ბრძოლის მეთოდები – გაუმართლებელი. 

“დიახ, შახტის ექსპლუატაცია უკანონოა და მისი შეჩერება აუცილებელია, რადგან მისმა ექსპლუატაციამ ბუნებას დიდი ზიანი მიაყენა. თუმცა, ამ შემთხვევაში ,ამ ჭეშმარიტებას ისეთი ადამიანები ახმიანებენ, ვინც ამ ჭეშმარიტებას ფასს თავად უკარგავს. აქვს კი სომხეთს და ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს ბლოკადაზე უკმაყოფილების გამოთქმის მორალური უფლება? არა, რადგან ისინი ჩვენ წინააღმდეგ ყველა საშუალებას იყენებდნენ. თუმცა, ეს გვაძლევს გზის ჩაკეტვის უფლებას? ასევე, პასუხია არა”, – ამბობს ის, რომელიც ამავე დროს  ცალსახა მომხრეა, ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში გადავიდეს, თან განსაკუთრებული სტატუსის გარეშე. სწორედ ამის გამო აზერბაიჯანელ ანტიმილიტარისტებს ის არ “უყვართ”.

ანტიმილიტარისტი, პოლიტიკური აქტივისტი და ყოფილი პოლიტპატიმარი გიას იბრაჰიმოვი მიმდინარე აქციას ლაჩინის კორიდორში “ტრაგიკომედიას” უწოდებს და სომხეთზე აზერბაიჯანის შეტევის გაგრძელებად მიიჩნევს:

“სომხეთზე აზერბაიჯანის შეტევით, სექტემბერში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საზოგადოებაში მოსალოდნელი მხარდაჭერა ვერ მიიღო. ამ შეტევაში, სადაც მთავარი შედეგი მხოლოდ ათეულობით დაღუპული ადამიანი იყო, აზერბაიჯანმა ვერ მიაღწია ჩანაფიქრს – ყარაბაღის საკითხის გადაჭრას მისივე პირობებით. პირიქით, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც მხოლოდ კრიტიკა დაიმსახურა. და აი, ახლაც ცდილობენ სხვანაირი ტაქტიკა გამოიყენონ. თუმცა არც ახლა იმუშავა ამ მეთოდმა არც საზოგადოებაზე და არც ოპოზიციაზე. ამას არავინ უჭერს მხარს”. 

ამასთან, გიას იბრაჰიმი ოპტიმისტურად არის განწყობილი

“ხელისუფლებას სჭირდება რეალური მხარდაჭერა საზოგადოებისა, დღეს კი ეს მხარდამჭერები არიან მხოლოდ ტროლები და გონგო [“ფიქტიური” არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ხელისუფლების ინტერესებისთვის მათივე ინიციატივით ან მათი მონაწილეობით]. და თუ ფორსმაჟორი არ მოხდა, მთელი ეს კლოუნადა ლაჩინის კორიდორში მალე დასრულდება. იმისთვის კი, რომ ეს მალე მოხდეს, ჩვენ, ვინც გულწრფელები ვართ ჩვენს ანტიმილიტარისტულ პოზიციებში და ნამდვილად გვინდა მშვიდობა, ღიად და მკაფიოდ უნდა ვაცხადებდეთ ამის შესახებ”. 

მშვიდობის ფრთამოტეხილი მტრედი

“თუკი ეს სპექტაკლი ხელისუფლებამ ან კიდევ სხვა ვინმემ დადგა, ხარისხიანად უნდა დაედგათ, ნორმალური რეჟისურით და მონაწილეებით. ეს კი ძალიან სასირცხვილო წარმოდგენაა”, – ირონიით საუბრობენ მოქალაქეები.

უნიჭო დადგმაში აზერბაიჯანელები უკავშირებენ ასევე, ინციდენტს “მშვიდობის” ფრთამოტეხილი მტრედით, რომელიც უკავშირდება ქურქში ჩაცმულ “ეკოაქტივისტს”. აქციაზე, სადაც აზერბაიჯანელებმა მშვიდობიანი გზავნილების სიმბოლოდ მტრედები გაუშვეს რუსი სამშვიდობოების მიმართულებით, ერთ-ერთი მტრედი, რომელიც მის მონაწილეს მიკროფონით დროს საუბრისას მჭიდროდ ეკავა ხელში, ვეღარ აფრინდა. 

ქალმა საკუთარი უეცარი პოპულარობა მედიაში და სოციალურ ქსელებში, კრიტიკის მიუხედავად, ძალიან მშვიდად მიიღო. მისი თქმით, მტრედი ცოცხალია – უბრალოდ ფრთამოტეხილი, და მას მაშინვე გაეწია პირველი დახმარება. რაც შეეხება ქურქს, რომლის გამოც “ეკოაქტივისტმა” ასევე დაიმსახურა საზოგადოების კრიტიკა, საპასუხოდ თქვა, რომ ის ხელოვნურია და 15 წლის წინ შეიძინა. 

“მადლობა ჩიტს, სწორედ მისი დამსახურებით გავხდი პოპულარული”. 

მიმდინარე “ეკოაქციას” ლაჩინის კორიდორში და 1988 წელს ყარაბაღში ტყის გაჩეხვის საკითხზე ბაქოში გამართულ აქციას შორის თითქმის ყველა საშიშ პარალელს ავლებს.  პირველი აქცია იყო ყარაბაღის პირველ ომამდე რამდენიმე წლით ადრე. იმ დროსაც სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის რუსი [იმ დროს საბჭოთა] სამხედროები აღმოჩდნენ. ამ გარემოებათა მსგავსება კიდევ უფრო მეტად არწმუნებს სოზოგადოებას, რომ უკეთესის ნაცვლად რეგიონი ისევ კონფლიქტის საწყის წერტილს დაუბრუნდა. 

ლაჩინის კორიდორი სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით გაფორმდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდნენ ლაჩინის კორიდორს.

მასალების გადაბეჭდვის წესი