ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა კირთაძის მიმართ ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

19 დეკემბერი, 2022 •
საგამოძიებო სამსახურმა კირთაძის მიმართ ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის, გიორგი კირთაძის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

 დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე, ან უამისოდ.

გიორგი კირთაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, 19 დეკემბერს, რამდენიმე სატელევიზიო კამერის წინ თავს დაესხნენ.

გიორგი კირთაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია. თავდამსხმელმა ოპოზიციური პარტიის რეგიონულ ლიდერს კვერცხი ესროლა და ხელი დაარტყა. მან სიტყვიერად შეურაცხყო ჟურნალისტებიც.

შემთხვევა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პრორუსული, ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ ოფისის წინ მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი