ახალი ამბები

ენმ-ის ბათუმის ოფისის თავმჯდომარეზე თავდამსხმელი დააკავეს

20 დეკემბერი, 2022 • 10914
ენმ-ის ბათუმის ოფისის თავმჯდომარეზე თავდამსხმელი დააკავეს

„მთავარი არხის“ ცნობით, სამართალდამცავებმა დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი პირი.

არხის ინფორმაციითვე, დაკავებულია ბათუმში მცხოვრები იოსებ სირაბიძე, იგი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

„ნეტგაზეთი“ ელოდება სპეციალური საგამოძოებო სამსახურისგან დამატებით ინფორმაციას.


გიორგი კირთაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, 19 დეკემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, რამდენიმე სატელევიზიო კამერის წინ თავს დაესხნენ.

თავდამსხმელმა ოპოზიციური პარტიის რეგიონულ ლიდერს კვერცხი ესროლა და ხელი დაარტყა. მან სიტყვიერად შეურაცხყო ჟურნალისტებიც.

შემთხვევა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ოფისის წინ მოხდა.

  • „რაფერ რა მინდა, პირდაპირ მოღალატე ხარ… მერე რა, რომ პირდაპირ ეთერში ვარ. შენ გიორგი კირთაძე ხომ ხარ? ჰოდა, ხელი გამიშვი. სახელი კი არა, მოღალატე ხარ ქვეყნის“ ,– მიმართა თავდამსხმელმა გიორგი კირთაძეს.
  • „ვინ გამოგიშვა, სახელი მითხარი“, – მიმართა თავდამსხმელს გიორგი კირთაძემ.
  • „ვინმეს არ გამოვუშვივარ, დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე ვარ. რა სახელი, ბიჭო“, – ამბობს თავდამსხმელი.

ფორმულას თანახმად, თავდამსხმელს კიდევ ერთი კაცი ეხმარებოდა, რომელიც იქვე მდებარე „ალტ ინფოს“ ოფისიდან გამოვიდა.


გარეკანის ფოტო: მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი