პირებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტობუსის გატაცება სცადეს, საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და პატიმრობიდან გათავისუფლეს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ „ნეტგაზეთს“ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, არჩილ ნიჟარაძემ დაუდასტურა.
ნიჟარაძის თქმით, ორივე ბრალდებულს პირობითი მსჯავრი დაეკისრა, შეთანხმების დამატებით დეტალებზე კი, ადვოკატის თქმით, ვერ ისაუბრებს.
16 დეკემბერს ქუთაისში ძლიერი ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფმა პირებმა მგზავრებიანი ავტობუსის გატაცება სცადეს. ნეტგაზეთთან ინტერვიუში ადვოკატი ამბობდა, რომ შემთხვევა საღამოს მოხდა, ხოლო მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავადაც ვერ ხსნის, თუ რატომ გადაწყვიტა საჭესთან გადაჯდომა.
„ძალიან ნასვამი იყო და იქცეოდა არაადეკვატურად. მას არ ჰქონია ავტობუსის გატაცებისა და მისაკუთრების მიზანი. დაახლოებით 20 მეტრი გაიარა ავტობუსით. შემდეგ კი შეაჩერეს. შეჩერებისას არ გაუწევია წინააღმდეგობა“, – გვიყვება ადვოკატი.
მისივე თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი გაჩერებაზე იდგა. ბრალდებული კი თვითონ მგზავრობდა ამ ავტობუსით – „მგზავრის სკამიდან გადაჯდა საჭესთან. არავითარი იძულება, არავითარი ფიზიკური დაპირისპირება. კომუნიკაციის თავიც არ ჰქონდა, ამბობს, ვერაფრით ავხსნი, რატომ გავაკეთეო“.
ადვოკატის ინფორმაციითვე, დაკავებულებს ძარცვის მცდელობას ედავებოდნენ.