ახალი ამბები

ქუთაისის მე-6 სკოლის მასწავლებლის თქმით, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

24 თებერვალი, 2025 •
ქუთაისის მე-6 სკოლის მასწავლებლის თქმით, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლიდან მუსიკის პედაგოგი სოფო როინიშვილი ამბობს, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

მან გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და შემდეგ “ტვ პირველთან” საუბრისას აღნიშნა, რომ სამოქალაქო აქტივიზმის გამო გაათავისუფლეს.

“დირექტორმა დამიძახა, ოთახში შემიყვანა და მატერიალურად გადმომცა ბრძანება ჩემი გათავისუფლების შესახებ. ამას წინ უძღოდა ის, რომ მან დისციპლინარულ კომიტეტს გადამცა. მე დისციპლინარულმა კომიტეტმა სასტიკი საყვედური გამომიტანა. დირექტორისთვის ეს არ იყო დამაკმაყოფილებელი, ის ზეწოლას ახდენდა დისციპლინარული კომიტეტის გადაწყვეტილებაზე და ითხოვდა ჩემს გაშვებას. რა თქმა უნდა, ეს ჩემი სამოქალაქო აქტივიზმით იყო გამოწვეული.

აღმოჩნდა, რომ იმ სკოლაში საბჭოთა კავშირი მე დავანგრიე. მდუმარება – თანამშრომლები ყველაფერზე თავს უხრიდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც აქციაზე ფოიერვერკი ვისროლე და 5000 ლარით დამაჯარიმეს, აღმოჩნდა საფუძველი იმის, რომ დირექტორს ეთქვა, თითქოს მე სკოლას ვულახავდი რეპუტაციას”, – ამბობს მასწავლებელი სოფო როინიშვილი “ტვ პირველთან”.

ტელევიზიის ჟურნალისტები ქუთაისის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს, დიმიტრი ქარსელაძესაც ესაუბრნენ. მისი თქმით, სოფო როინიშვილი სკოლიდან შინაგანაწესის არაერთგზის უხეში დარღვევის გამო გაათავისუფლეს.

“მასწავლებელი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, გათავისუფლდა შინაგანაწესის არაერთგზის უხეში დარღვევისა და მასწავლებლის ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო – გაკვეთილების გაცდენა, დაგვიანება… მე არ ვიცი, მას რა პოლიტიკური მიმართულება აქვს, რას და როგორ აკეთებს, ეს ჩემი ინტერესი ნამდვილად არ არის”, – განაცხადა სკოლის დირექტორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი