ახალი ამბები

ადვოკატის თქმით, ქუთაისში პირი დათვრა და მგზავრებიანი ავტობუსის გატაცება სცადა

16 დეკემბერი, 2022 •
ადვოკატის თქმით, ქუთაისში პირი დათვრა და მგზავრებიანი ავტობუსის გატაცება სცადა

ქუთაისში ძლიერი ინტოქსიკაციის ქვეშ მყოფმა პირმა მგზავრბიანი ავტობუსის გატაცება სცადა. ამის შესახებ ნეტგაზეთს ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე უყვება.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა, ხოლო მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავადაც ვერ ხსნის, თუ რატომ გადაწყვიტა საჭესთან გადაჯდომა.

„ძალიან ნასვამი იყო და იქცეოდა არაადეკვატურად. მას არ ჰქონია ავტობუსის გატაცებისა და მისაკუთრების მიზანი. დაახლოებით 20 მეტრი გაიარა ავტობუსით. შემდეგ კი შეაჩერეს. შეჩერებისას არ გაუწევია წინააღმდეგობა“, – გვიყვება ადვოკატი.

მისივე თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ავტობუსი გაჩერებაზე იდგა. ბრალდებული კი თვითონ მგზავრობდა ამ ავტობუსით – „მგზავრის სკამიდან გადაჯდა საჭესთან.“

„არავითარი იძულება, არავითარი ფიზიკური დაპირისიპირება. კომუნიკაციის თავიც არ ჰქონდა, ამბობს, ვერაფრით ავხსნი, რატომ გავაკეთეო“.

ადვოკატის ინფორმაციითვე, პირს ძარცვის მცდელობას ედავებიან.

გარეკანი ფოტო: 2021 წელს გამოქვეყნდა ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის ფეისბუკ გვერდზე. მას მომხდართან კავშირი არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი