ახალი ამბები

შავი ზღვის გადამცემი ხაზის მშენებლობა საქართველოს ინიციატივა იყო – დავითაშვილი

19 დეკემბერი, 2022 • 909
შავი ზღვის გადამცემი ხაზის მშენებლობა საქართველოს ინიციატივა იყო – დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი, რომლის შესახებაც შეთანხმებას 17 დეკემბერს ბუქარესტში მოეწერა ხელი, საქართველოს ინიციატივაა.

„ამ პროექტის ინიციატორიც, იდეის ავტორიც იყო საქართველო. საქართველომ ეს პროექტი წარადგინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში.

საქართველომ დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ამ სამუშაოების დაფინანსება.

ამას შემოუერთდა სხვა პარტნიორი ქვეყნებიც და პრემიერის (ირაკლი ღარიბაშვილის) მონაწილეობით გაფორმდა შეთანხმება.

თავდაპირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, არ იყო ამხელა ინტერესი, მაგრამ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ბევრი რამ შეცვალა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, პროექტის განხორციელებისას საქართველო იქნება მთავარი წარმმართველი.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის თანახმად, აღმოსავლეთ პარტნიორობის  ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში “დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო დაიხარჯება“.

ევროკავშირი გეგმავს სტრატეგიული წყალქვეშა გადამცემი ხაზის მშენებლობას შავ ზღვაში, რომელიც საქართველოს და, შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს, ამ შემთხვევაში რუმინეთს, დააკავშირებს ერთმანეთთან.გადამცემ ხაზს მხარეები „მწვანე ენერგიის ევროკავშირში ექსპორტისთვის გამოიყენებენ“ და მის მოსაწყობად „დაახლოებით 2.3 მილიარდი ევრო დაიხარჯება“.

ამგვარი გადამცემი ხაზის შექმნის შესახებ ცნობილი პირველად ოქტომბერში გახდა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი გეგმავდა ევროპაში ენერგიის ექსპორტს და ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას განიხილავდა.

მოგვიანებით, იმავე მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთს ეწვია, სადაც ადგილობრივ ლიდერთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებით უნგრული მხარე რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირებასა და ბაზრის დივერსიფიკაციას გეგმავდა.

„ჩვენ გვინდა, ახალი დიდი ელექტროენერგიის ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ენერგია საქართველოს, რუმინეთის გავლით.

ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის“, — განაცხადა ვიქტორ ორბანმა 27 ოქტომბერს.

უნგრეთი ბუნებრივი აირის უდიდეს ნაწილს, როგორც წესი, რუსეთისგან იღებს

გაეცანით მასალას აღნიშნული პროექტის შესახებ ნეტგაზეთის არქივიდან:

ენერგეტიკული თანამშრომლობა უნგრეთ-აზერბაიჯანთან — რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი გადამცემი ხაზი მართლაც აშენდება, ევროპაში პირველად გახდება შესაძლებელი ენერგიის ექსპორტი, რომელსაც აზერბაიჯანსა და საქართველოში გამოიმუშავებენ.

ამ შემთხვევაში საქართველო ფიზიკურად დაუკავშირდება ევროპის ენერგეტიკულ ბაზარს, რომლის პარტნიორიც  2017 წლიდანაა.

საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, ქვეყანაში ჰესების მშენებლობა უნდა დაიწყოს. ასევე უნდა დაჩქარდეს ნენსკრაჰესის მშენებლობაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი