ახალი ამბები

ირანში დააკავეს ცნობილი მსახიობი, რომელმაც მხარი დაუჭირა პროტესტს

18 დეკემბერი, 2022 • 810
ირანში დააკავეს ცნობილი მსახიობი, რომელმაც მხარი დაუჭირა პროტესტს

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ირანელი მსახიობი ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო დემონსტრაციების მხარდაჭერის შემდეგ დააკავა.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თარანე ალიდუსთი დაკავებულია “სიყალბის გავრცელების” ბრალდებით პროტესტზე, რომელმაც ირანი უკანასკნელ თვეებში მოიცვა.

გასულ კვირას ალიდუსთიმ “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტით დაგმო ახალგაზრდა დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა და გააკრიტიკა ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ხმა არ აიმაღლეს.

მსახიობი საუბრობდა 23 წლის მოჰსენ შეკარიზე, რომელსაც თეირანის მთავარი ქუჩის გადაკეტვასა და პროსამთავრობო შეიარაღებული ორგანიზაციის წარმომადგენლის დაჭრას ედავებოდნენ. ის გასულ კვირას ჩამოახრჩვეს.

“მისი სახელია მოჰსენ შეკარი. კაცობრიობის სირცხვილია ყოველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ამ სისხლისღვრას შეჰყურებს და არ მოქმედებს”, — წერდა მსახიობი.

თარანე ალიდუსთის განსაკუთრებული ცნობადობა თავისმა როლმა მოუტანა 2016 წელს გადაღებულ ოსკაროსან ფილმში “კომივოიაჟორი”.

სექტემბრის შემდეგ, როცა ირანში ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგო აქციები დაიწყო, ალიდუსთიმ “ინსტაგრამზე” დემონსტრანტებისადმი სოლიდარობის გამომხატველი არაერთი პოსტი გამოაქვეყნა.

ერთ-ერთ შემთხვევაში, ნოემბერში, მსახიობმა თავისი სურათი გამოაქვეყნა სავალდებულო თავსაბურავის გარეშე. პლაკატზე, რომელიც ხელში ეჭირა, ეწერა “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება” — სლოგანი, რომელიც მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

ალიდუსთის აქამდეც გაუკრიტიკებია ირანის ხელისუფლება: 2020 წლის ივნისში მას 5-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს ორი წლით ადრე “ტვიტერზე” გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომლითაც პოლიცია გააკრიტიკა.

ალიდუსთი ერთ-ერთია ირანელ მსახიობებს, სპორტსმენებსა და სხვა ცნობილ სახეებს შორის, რომლებიც 2022 წლის აქციების მხარდაჭერის გამო დააკავეს. ნოემბერში ეს მოხდა მსახიობების, ჰენგამე ღაზიანისა და კატაიუნ რიაჰის შემთხვევაში, რომელთაც პროტესტს სოც. მედიის მეშვეობით მხარი დაუჭირეს. AP News-ის ცნობით, მოგვიანებით ორივე მათგანი გაათავისუფლეს.

პროტესტი ირანში სექტემბერში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

დემონსტრაციებმა მალევე შეიძინა მთლიანად ისლამური რესპუბლიკისა და მისი ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო სახე და მთელ ქვეყანაში გაიშალა.

2022 წლის პროტესტი საერთაშორისო მედიაში ფასდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ისლამური რესპუბლიკისთვის, მისი არსებობის ისტორიაში.

ირანული უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA სექტემბერში დაწყებულ აქციებზე 496 მოკლული დემონსტრანტის შესახებ იუწყება, საიდანაც 68 არასრულწლოვანია. ორგანიზაცია საუბრობს 62 დაღუპულზე ირანის უსაფრთხოების ძალების რიგებშიც. HRANA-ს თანახმად, აქციებთან კავშირში დაკავებულთა რიცხვი 18 000-ს აჭარბებს.

ცნობილია, რომ ირანის ხელისუფლებამ ორი დემონსტრანტი უკვე დასაჯა სიკვდილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი