ახალი ამბები

ირანში სიკვდილით დასაჯეს 23 წლის დემონსტრანტი

8 დეკემბერი, 2022 •
ირანში სიკვდილით დასაჯეს 23 წლის დემონსტრანტი

ირანმა ანტისამთავრობო პროტესტთან კავშირში მყოფი პირველი მოქალაქის სიკვდილით დასჯის შესახებ განაცხადა. სახელმწიფო მედიის თანახმად, 23 წლის მოჰსენ შეკარი ხუთშაბათს, დილის საათებში ჩამოახრჩვეს.

შეკარი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სექტემბერში თეირანის მთავარი ქუჩის გადაკეტვასა და პროსამთავრობო შეიარაღებული ორგანიზაციის, “ბასიჯის” წარმომადგენლის დაჭრაში მაჩეტეს გამოყენებით.

ნორვეგიაში მოქმედი უფლებადამცველი ჯგუფის, “Iran Human Rights” დირექტორის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ დაუყოვნებლივი და მტკიცე რეაგირება უნდა მოახდინოს მოჰსენ შეკარის სიკვდილით დასჯაზე.

მაჰმუდ ამირი-მოგადდამის თქმით, აქტივისტი გაასამართლეს საჩვენებელ სასამართლოზე, ყოველგვარი შესაბამისი პროცედურის გარეშე.

როგორც BBC წერს ირანის სასამართლოს გაზეთზე დაყრდნობით, პირველ ნოემბერს სასამართლომ შეკარი დამნაშავედ ცნო იარაღის ტარებაში “მკვლელობის, ტერორის გამოწვევისა და საზოგადოების უსაფრთხოების დარღვევის მიზნით”. ის “ღმერთის მტრობისთვის” გაასამართლეს.

23 წლის შეკარიმ ვერდიქტი გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.

აქტივისტის სიკვდილით დასჯის შესახებ ცნობების გავრცელების ფონზე, ირანის სახელმწიფო მედიამ გამოაქვეყნა მისი “აღიარებითი ჩვენების” ვიდეო, რომელშიც შეკარის მარჯვენა ლოყაზე სისხლჩაქცევა ჩანს.

“ხალხისგან აღიარებითი ჩვენების იძულებით მიღებას და სასამართლოში ბრალდებულთა წინააღმდეგ მის გამოყენებას აქვს ისტორია ირანის სასამართლო სისტემაში”, — წერს BBC-ის სპარსულენოვანი გამოცემა.

დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა საერთაშორისო საზოგადოების არაერთმა წარმომადგენელმა დაგმო.

“მსოფლიო ვერ დახუჭავს თვალს ირანის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ ამაზრზენ ძალადობაზე”, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის სიტყვებით, მოჰსენ შეკარი სიკვდილით დასაჯეს, რადგან არ ეთანხმებოდა რეჟიმს, თუმცა “სიკვდილით დასჯის საფრთხე ვერ ჩაახშობს ხალხის თავისუფლების სურვილს”.

“ირანის რეჟიმის არაადამიანურობას საზღვარი არ აქვს”, — დასძენს ბერბოკი.

ირანის სასამართლოს ამ დრომდე გაცხადებული აქვს პროტესტთან დაკავშირებული 10 ადამიანის შესახებ, რომელთაც სიკვდილით დასჯა მიესაჯათ.

ორგანიზაცია Amnesty International-ის განცხადებით, სასიკვდილო განაჩენებს იყენებენ “სახალხო აჯანყების შემდგომი ჩახშობისთვის” და “საზოგადოებაში შიშის გაღვივებისთვის”.

ნოემბრის დასაწყისში ირანის პარლამენტის 227-მა წევრმა სასამართლოს დემონსტრანტებთან დაკავშირებით მოუწოდა, “მტკიცედ მოეპყროს ამ დანაშაულთა ჩამდენებს და ყველას, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულს და არეულობის პროვოცირება მოახდინა”.

უფლებადამცველები შიშობდნენ, რომ დეპუტატების ეს მოწოდება სიკვდილით დასჯისა და სამუდამო პატიმრობის განაჩენთა ტალღის წინაპირობა გახდებოდა.

პროტესტი ირანში სექტემბერში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

დემონსტრაციები, რომლებმაც მალევე შეიძინა მთლიანად ისლამური რესპუბლიკისა და მისი ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო სახე, ხელისუფლების რეპრესიების მიუხედავად, არ წყდება.

ორშაბათიდან ქვეყანაში დაიწყო 3-დღიანი გაფიცვა, რომლის ფარგლებშიც მრავალი მაღაზია დაიკეტა თეირანში, ისპაანში, ქერმანშაჰში, შირაზში, ბაბოლსა და სხვა ქალაქებში. გაფიცვისკენ ბიზნესის წარმომადგენლებს აქტივისტებმა მოუწოდეს.

ამასთან, გრძელდება ქუჩის აქციები და სტუდენტთა პროტესტი ქვეყნის უნივერსიტეტებში.

ირანული უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA სექტემბერში დაწყებულ აქციებზე 475 მოკლული დემონსტრანტის შესახებ იუწყება, საიდანაც 64 არასრულწლოვანია. ორგანიზაცია საუბრობს 61 დაღუპულზე ირანის უსაფრთხოების ძალების რიგებშიც.

HRANA-ს თანახმად, აქციებთან კავშირში დაკავებულთა რიცხვი 18 000-ს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი