ახალი ამბები

ირანში დემონსტრანტი საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით

12 დეკემბერი, 2022 • 798
ირანში დემონსტრანტი საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით

ირანის განცხადებით, სიკვდილით დასაჯეს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროტესტისას იყო დაკავებული. სახელმწიფო მედიის ცნობით, საუბარია მაჯიდრეზა რაჰნავარდზე.

საინფორმაციო სააგენტო “მიზან”, რომელიც ირანის სასამართლო სისტემას ექვემდებარება, წერს, რომ რაჰნავარდს ედავებოდნენ პროსამთავრობო შეიარაღებული ორგანიზაციის, “ბასიჯის” 2 წევრის მკვლელობასა და 4 სხვა პირის დაჭრას 17 ნოემბერს, ქალაქ მეშჰედში.

“ბასიჯი” ირანის ხელისუფლებამ არაერთ ქალაქში გამოიყვანა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. ისინი თავს ესხმიან და აკავებენ დემონსტრანტებს, ეს უკანასკნელნი კი, არაერთ შემთხვევაში, წინააღმდეგობას უწევენ მათ.

სახელმწუფო ტელევიზიამ გაავრცელა სათვალთვალო კამერის კადრები, რომლებშიც კაცი — მათი მტკიცებით, რაჰნავარდი — ძალოვნებს დანას ურტყამს.

BBC-ის სპარსულენოვანი სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო მედიის მიერ 23 წლის რაჰნავარდის “იძულებითი აღიარებითი ჩვენების” ვიდეოს გამოქვეყნებამ, რომელშიც ჩანს, რომ ბრალდებულს ხელი თაბაშირში ჰქონდა, კიდევ ერთხელ გააღვივა კრიტიკა ირანის ციხეებში აღიარებითი ჩვენების იძულებით მიღების, ზეწოლისა და წამების გამო.

“მიზანის” მიხედვით, მაჯიდრეზა რაჰნავარდი ორშაბათს, საჯაროდ ჩამოახრჩეს. ფოტოებზე, რომლებიც სააგენტომ გამოაქვეყნა, ჩანს არაერთი ძალოვანი, რომელთაც სახე აქვთ დაფარული. ადგილი, სადაც 23 წლის კაცი სიკვდილით დასაჯეს, ბეტონის ბარიერებით იყო გარშემორტყმული.

სახელმწიფო მედიის თანახმად, რაჰნავარდი მეშჰედის ე.წ. რევოლუციურმა სასამართლომ გაასამართლა. როგორც The Guardian აღნიშნავს, სასამართლო პროცესებს საერთაშორისო საზოგადოება არაერთგზის აკრიტიკებს იმის გამო, რომ ბრალდებულებს არ აქვთ საშუალება, აირჩიონ საკუთარი ადვოკატები ან ნახონ მტკიცებულება მათ წინააღმდეგ.

გასულ კვირას ირანში პროტესტთან დაკავშირებული პირველი დაკავებული დასაჯეს სიკვდილით, რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოებაში.

23 წლის მოჰსენ შეკარის “ბასიჯის” წევრის დაჭრასა და თეირანის ცენტრალური ქუჩის გადაკეტვას ედავებოდნენ. ბიძამისმა The Guardian-ს უთხრა, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნათელი იყო წამების ნიშნები სახის არეში.

გასულ კვირას ორგანიზაცია Amnesty International-მა განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა აქციებთან დაკავშირებულ სულ მცირე 17 პირს, გარდა რაჰნავარდისა და შეკარისა.

დემონსტრაციები ირანში სექტემბერში, ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

პროტესტი, რომელმაც მალევე შეიძინა მთლიანად ისლამური რესპუბლიკისა და მისი ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო სახე, ხელისუფლების რეპრესიების მიუხედავად, სხვადასხვა ფორმითა და მასშტაბით გრძელდება.

ირანის ხელისუფლება დემონსტრანტებს უწოდებს “მეამბოხეებს”, რომლებიც გარე ძალების მიერ იმართებიან. მსგავსი განცხადებები ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას წარსულშიც გაუკეთებია მაშინდელი საპროტესტო მოძრაობების მიმართ.

ირანული უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA სექტემბერში დაწყებულ აქციებზე 488 მოკლული დემონსტრანტის შესახებ იუწყება, საიდანაც 64 არასრულწლოვანია. ორგანიზაცია საუბრობს 62 დაღუპულზე ირანის უსაფრთხოების ძალების რიგებშიც.

HRANA-ს თანახმად, აქციებთან კავშირში დაკავებულთა რიცხვი 18 000-ს აჭარბებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი