ახალი ამბები

ირანში დააკავეს მსახიობები, რომელთაც ჰიჯაბი მოიხადეს და პროტესტს მხარი დაუჭირეს

21 ნოემბერი, 2022 • 1021
ირანში დააკავეს მსახიობები, რომელთაც ჰიჯაბი მოიხადეს და პროტესტს მხარი დაუჭირეს

ირანში დააკავეს ორი მსახიობი, რომელთაც საჯაროდ დაუჭირეს მხარი ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტს. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს თანახმად, ჰენგამე ღაზიანი და კატაიუნ რიაჰი დაკავებამდე პროკურატურაში დაიბარეს სოციალურ მედიაში მათ მიერ გამოქვეყნებული “პროვოკაციული” პოსტებისთვის.

პროტესტი ირანში ე.წ. მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით დაკავებული მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო.

უფლებადამცველთა ცნობით, 22 წლის ქურთი ქალი პოლიციაში ცემის შედეგად გარდაიცვალა, ირანის ხელისუფლება კი მომხდარის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესებას ასახელებს.

სანამ დააკავებდნენ, ჰენგამე ღაზიანიმ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კამერისკენ იყურება და ჰიჯაბის გარეშე, გაშლილი თმით დგას ქუჩაში. შემდეგ მსახიობი კამერას ზურგს აქცევს და თმას იკრავს.

“შეიძლება, ეს ჩემი ბოლო პოსტია. ამ მომენტიდან თუ რაიმე შემემთხვა, იცოდეთ, რომ ყოველთვის, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვდგავარ ირანელი ხალხის გვერდით”, — წერს ის ვიდეოს აღწერილობაში.

მანამდე, გასულ კვირას გამოქვეყნებულ პოსტში ღაზიანი წერდა, რომ ირანის “ბავშვების მკვლელმა” მთავრობამ 50-ზე მეტი ბავშვი მოკლა მოკლე პერიოდში.

კატაიუნ რიაჰი ასევე უჭერს მხარს პროტესტს და აღნიშნულის შესახებ არაერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული სოც. ქსელში.

სექტემბერში მან განათავსა თავისი ფოტო “ინსტაგრამზე”, რომელშიც ჰიჯაბის გარეშეა. მსახიობმა ასევე თავსაბურავის გარეშე მისცა ინტერვიუ ლონდონში მოქმედ, ირანის რეჟიმისთვის საძულველ ტელეარხს Iran International TV.

ღაზიანისა და რიაჰის გარდა, სექტემბრიდან მიმდინარე პროტესტის დროს ირანის ხელისუფლების მიერ დაკავებულთა შორის არიან სხვა ცნობილი სახეებიც, რომლებიც მხარს უჭერენ დემონსტრაციებს.

როგორც BBC წერს, ირანის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ჰოსეინ სოორმა განაცხადა, რომ არ აპირებს ესპანეთში გამართული ტურნირიდან სამშობლოში დაბრუნებას პროტესტის ძალადობრივად ჩახშობის მცდელობის გამო.

ისლამური რესპუბლიკის საწინააღმდეგო დემონსტრაციები, რომლებიც ირანის საზოგადოების მრავალი სეგმენტის, მათ შორის, სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართულობით ხასიათდება, ათეულობით ქალაქსა და დასახლებაში გაიშალა.

დემონსტრაციების ტალღა, რომელსაც ხელისუფლების ხისტი რეპრესიები ვერ აჩერებს, საერთაშორისო მედიაში ფასდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ისლამური რესპუბლიკისთვის, მისი არსებობის ისტორიაში.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Iran Human Rights უსაფრთხოების ძალების მიერ პროტესტის ჩახშობის მცდელობისას დროს 378 ადამიანის მოკვლის შესახებ იუწყება, საიდანაც 47 ბავშვი და 27 ქალია.

“ირანის ადამიანის უფლებათა აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს”(HRANA) მიხედვით, დაღუპულია 419 დემონსტრანტი და უსაფრთხოების ძალების 54 წევრი, დაკავებულია 16 000 ადამიანი.

ირანის სასამართლომ დემონსტრაციებთან კავშირში მყოფ სულ მცირე 5 ადამიანს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი