ახალი ამბები

სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოკვლეულია? — დეპუტატის კითხვა და მინისტრის პასუხი

16 დეკემბერი, 2022 • 1092
სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოკვლეულია? — დეპუტატის კითხვა და მინისტრის პასუხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა იუსტიციის მინისტრს ჰკითხა, არსებობს თუ არა ფსიქიატრების და ფსიქოლოგების დასკვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ხომ არ საჭიროებს ის სპეფიციკურ მკურნალობას.

„სულ ორი გზაა — ერთი, რომ ჯანმრთელობის მდგომაროებაზე მიდის რაღაცნაირი სიმულაცია, ან ეს პატიმარი არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. პირველ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. მეორე შემთხვევაში მაინტერესებს, თუ ნამდვილად ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს, თუ მიდის ამ კუთხით კვლევა? თუ აქვთ დასკვნა დაწერილი ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს ამ ადამიანზე და რამე სპეციფიკურ მკურნალობას ხომ არ საჭიროებს? მესმის, რომ პერსონალური მონაცემებია და ამას აქ ვერ მეტყვით, მაგრამ შესაბამისი დარგის სპეციალისტების მხრიდან სათანადო შეფასება თუ არის გაკეთებული?“, — იკითხა ბექა დავითულიანმა.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის თქმით, კონკრეტულ დიაგნოზებზე საუბარი გაუჭირდება, რადგან ამის უფლება არ აქვს.

„უმჯობესი იქნება, თუ ამ საკითხებზე ისაუბრებენ ექიმები. ოღონდ ჩვენ ვხედავთ შემდეგ სურათს — შერჩევითად მიდის საუბარი. გამოდიან ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტები, საუბრობენ მხოლოდ იმაზე, რაც მათ აწყობთ, თუმცა ეს დასკვნა არ არის გასაჯაროებული და კარგი იქნება ზოგადად, თუკი გასაჯაროვდება. ამ შემთხვევაში საზოგადოებას და მათ შორის, სამედიცინო საზოგადოებას, რომლის მაქსიმალურად დაბნევასაც ცდილობენ, ღიად შეეძლება მსჯელობა“, — განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცენტრ „ემპათიის“ თანახმად, ყოფილ პრეზიდენტს აქვს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც პატიმრობასთან შეუთავსებელია. როგორც „ემპათიის”, ისე სახალხო დამცველის ექსპერტთა დასკვნით, გაცხადებული დიაგნოზების გარდა, სააკაშვილს აქვს დამატებითი დიაგნოზი, რომელიც არ გასაჯაროებულა მისი სენსიტიური ხასიათიდან გამომდინარე (აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს).

კადრები არ შეიცავს სიმულირების მტკიცებულებას, დიაგნოზი არ გამორიცხავს აგრესიულ ქცევას — ომბუდსმენი

მასალების გადაბეჭდვის წესი