ახალი ამბები

ბრეგაძე ომბუდსმენის აპარატს შვილებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებზე გამოხმაურებას სთხოვს

16 დეკემბერი, 2022 • 983
ბრეგაძე ომბუდსმენის აპარატს შვილებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებზე გამოხმაურებას სთხოვს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სახალხო დამცველის აპარატს და შესაბამის ორგანიზაციებს მოუწოდებს, შვილებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურონ.

დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამომსვლელ რატი ბრეგაძეს ენმ-ის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით და პლაკატებით დახვდნენ და „მკვლელს“ უწოდებდნენ.

„რატი ბრეგაძემ უნდა იცოდეს, რომ კი, როდესაც ვეუბნები, რომ მისი შთამომავლები ივლიან მკვლელი და მოღალატე მამის სახელით, ეს არის მისი იუსტიციის მინისტრობის განაჩენი და ამას ვერ ასცდება. როგორც სერგო ორჯონიკიძის შთამომავლებმა იციან, თუმცა მათ არაფერი დაუშავებიათ. ამ ომში რუსულ ოცნებასთან უნდა იცოდნენ, რომ მათი დღევანდელი ჯალათობა და ბოლშევიზმი არის ის ისტორიული განაჩენი, რაც მათ თვითონ აირჩიეს და რაც არამხოლოდ მათ, გაჰყვება მთელ მათ შთამომავლობას“, — დაწერა ანი წითლიძემ Facebook-ზე.

წითლიძის რეპლიკას „ქართული ოცნების“ დეპუტატების კრიტიკა მოჰყვა.

დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კი თქვა, რომ ერთადერთი, რასაც მინისტრის ოჯახის წევრები და ახლობლები იხილავენ, არის ის, თუ როგორ წარდგება რატი ბრეგაძე მართლმსაჯულების წინაშე.

„ბავშვების საკითხზე მე თავს უფლებას არ მივცემ, მათი ამორალური სიტყვები გავიმეორო. მერე ქალბატონმა სალომემაც წარმატებით გააგრძელა ეს საუბარი — ეს განაცხადი აჩვენებს მათ ამორალურ და დაუნდობელ დამოკიდებულებას, მათ შორის ბავშვების მიმართ. მინდა ვთხოვო სახალხო დამცველს და ყველა შესაბამის ორგანიზაციას, გამოეხმაურონ ამ მავნებლურ განცხადებებს სათანადო ფორმით“, — განაცხადა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან ასევე გააკრიტიკა ენმ იმის გამო, რომ ისინი არ დაესწრნენ მინისტრის გამოსვლას.

„მე რომ ვიყო მათ ადგილას, აუცილებლად გამოვიყენებდი ამ ტრიბუნას, მაგრამ, ეტყობა, გაუჭირდათ ლოგიკური კითხვების დასმა და შემდგომში მათთვის არასასურველი პასუხების მოსმენა და ისიც კი აკადრეს საკუთარ ამომრჩეველს, რომ აქ არ მობრძანდნენ. სახლთან დადარაჯების და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, სჯობდა აქ ყოფილიყვნენ. სპორტში არის ასეთი წესი — როდესაც გუნდი არ ცხადდება გაუგებარი მიზეზის გამო, მას ეთვლება [წაგება] 3:0. პოლიტიკაში დღეს მათ წააგეს 100:0, როდესაც დარბაზი დატოვეს. სირცხვილი მათ“, — განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია პატივს არ სცემს კონსტიტუციას და არ იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციას.

„მათ დაიწყეს სერგო ორჯონიკიძესთან შედარება. მინდა [ცარიელ] სკამებს ვუთხრა მათ მაგივრად, რომ საბჭოთა კინემატოგრაფმა მათი სახით დაკარგა ძალიან დიდი ტალანტები, რომლებიც ერთმანეთს ტოლს არ დაუდებდნენ პავლიკ მოროზოვის როლის შესრულებაში“, — დასძინა რატი ბრეგაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი