ახალი ამბები

სასიამოვნო სიურპრიზია, რომ სააკაშვილზე არცერთი კითხვა არ დასმულა — ბრეგაძე

5 თებერვალი, 2024 • 1466
სასიამოვნო სიურპრიზია, რომ სააკაშვილზე არცერთი კითხვა არ დასმულა — ბრეგაძე

„არ შემიძლია არ აღვინიშნო ის სასიამოვნო სიურპრიზი, რომ არცერთი კითხვა არ დასმულა მსჯავრდადებულ სააკაშვილთან დაკავშირებით, რაც, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა“, — განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რატი ბრეგაძემ საკომიტეტო მოსმენაზე.

ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განხილვის ფარგლებში მოუსმინეს. სხდომაზე, სადაც თავდაცვის, იუსტიციის, შს და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს კითხვა არ დაუსვამთ, დანარჩენი ოპოზიციის წარმომადგენლები კი სააკაშვილის საკითხით არ დაინტერესებულან.

„გარკვეულწილად სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ის, რომ არცერთი კითხვა არ დასმულა მსჯავრდადებულ სააკაშვილთან დაკავშირებით, განსხვავებით ყველა წინა შემთხვევისგან. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება იყო კორექტული და ამ საკითხზე სალაპარაკო არავის არაფერი აქვს“, — განაცხადა რატი ბრეგაძემ.

სხდომის წამყვანმა ანრი ოხანაშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა რატი ბრეგაძეს, რომ „მოხსნა ყველა შეკითხვა“ და ოპოზიციას სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვის დასმის სურვილიც არ გაუჩნდა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმების ჯგუფის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამჟამად სახეზეა დადებითი დინამიკა, რაც გამოიხატება წონის მატებაში და ნეგატიურ ორთოსტატიკურ ტესტში.

თუმცა, სახალხო დამცველის მიერ მოწვეული კონსილიუმის წევრების თქმით, კვლავ რჩება კოგნიტიური გაუარესება, კუნთთა ჰიპოტროფია, ნეიროპათია, შფოთვა, დეპრესია. ექიმთა ჯგუფის აზრით, პაციენტი საჭიროებს მჭიდრო სამედიცინო მეთვალყურეობას, ფსიქოლოგიურ ინტერვენციას.

„დინამიკა დადებითია, თუმცა მყარი პროგნოზის საშუალებას არ იძლევა“ — ომბუდსმენის კონსილიუმი

მასალების გადაბეჭდვის წესი