„ამ კადრებმა მე პირადად შემახსენა ერთი რამ – რას გადავრჩით, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი და ეს ხელისუფლება დაამთავრა“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას.
კობახიძემ ამის შესახებ „იმედის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს სააკაშვილის კადრების გასაჯაროება მესამედ მოუწია და სამივე შემთხვევა იყო პასუხი „ფეიკკამპანიებზე“, რომელსაც აწარმოებდა „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
„იმიტომ, რომ იმაზე არ გაჩერდებოდნენ, რაც მათ გააკეთეს. როცა ვუყურებ ამ ფსიქოტიპს ამ კადრებში იქ, კიდევ ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ მხოლოდ 20% ჩააბარა ამ კაცმა და მისმა რეჟიმმა რუსეთის ფედერაციას, რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული პატიმარი მოკლეს და არა ათასობით პატიმარი, რომ მხოლოდ ათიათასობით კაცს წაართვეს ქონება და არა ასიათასობით ადამიანს და ა.შ. მგონი, ბედნიერები უნდა ვიყოთ ამით, იმით, რომ 2012 წელს დამთავრდა ერთხელ და სამუდამოდ ეს უბედურება და მათ აღარ აქვთ ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
14 დეკემბრის საღამოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები და განცხადება გაავრცელა.
სამსახურის თანახმად, კადრები ასახავს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.“
სამსახური ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.
ვიდეო, რომელიც პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდით გავრცელდა, 10 წუთზე მეტხანს გრძელდება და სხვადასხვა პერიოდის კადრებს აერთიანებს.
ვიდეოს მსვლელობისას რიგ შემთხვევებში მოჩანს ჩანაწერის გაკეთების თარიღი, ზოგ შემთხვევაში კი ეს არ იკითხება.
გავრცელებულ ვიდეოში ბოლო კადრი 12 დეკემბრითა დათარიღებული, სადაც ჩანს სააკაშვილის ყავარჯნით გადაადგილება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებას ითხოვენ, თუმცა პატიმარს 14 დეკემბრის სხდომაზე ამის საშუალება არ მიეცა. მიზეზად ტექნიკური საშუალებების უქონლობა დასახელდა.
სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების მიმართ ლეგიტიმური მიზნის არსებობა, მათ შორის საზოგადოების მაღალი ინტერესის დაკმაყოფილება, ისევე როგორც ამ გადაწყვეტილების პროპორციულობა და ადეკვატურობა ვერ დასტურდება.