ახალი ამბები

სააკაშვილის ბიძის, ალასანიას დირექტივაა – ოდიშარია ენმ-ის წევრების შიმშილობაზე

15 დეკემბერი, 2022 •
სააკაშვილის ბიძის, ალასანიას დირექტივაა – ოდიშარია ენმ-ის წევრების შიმშილობაზე

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძროაბის“ წევრების მიერ შიმშილობის დაწყება შესაძლოა, თემურ ალასანიას დირექტივა იყოს.

„მე არ ვიცი, ახლა რას უკავშირდება ეს, მე უფრო მიმაჩნია, რომ ეს არის სააკაშვილის ბიძის, ბატონი ალასანიას დირექტივა, ან მისი მკაცრი დირექტივის კომპენსირება, რომელიც დაკავშირებული იყო, ალბათ, რომ დაეტოვებინათ მანდატები“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, სჯობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თავიანთი ძალა და აქცენტები მათ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე გადაიტანონ.

„მე მათ ვურჩევდი, რომ მძიმე მდგომარეობის ფონზე, რომელიც პარტიაში არის, როცა კრილოვის იგავის მსგავსად ისინი სხვადასხვა მხარეს ექაჩებიან, ძალები დაზოგონ იმისათვის, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ. მით უმეტეს, ასეთი აზრთა ჭიდილი აქვთ პარტიაში. რისთვის უნდა იბრძოლონ, მაინტერესებს, პატიმარი ლუქსპალატაში იხდის თავის სასჯელს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ „ფორმულასთან“.


15 დეკემბერს პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ, ანი წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს.

ენმ-ის დეპუტატების ნაწილი შიმშილობას იწყებს

მასალების გადაბეჭდვის წესი