„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ნაწილი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა, დავით კირკიტაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. კირკიტაძის თქმით, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ ქვეყანაში, სადაც მისი მკურნალობა მოხდება:
„დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანამდე იმ ქვეყანაში, სადაც მოხდება მისი მკურნალობა, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვიწყებთ შიმშილობას. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ღრმად ვარ დარწმუნებული ეს პოლიტიკური აქტი იქნება მზარდი, იქნება პარლამენტის კედლებში და მის კედლებს გარეთაც.
ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენს საზოგადოებას საკმარისად აქვს შერჩენილი ადამიანობა, ჰუმანიზმი და ჩვენ არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტის სიკვდილი უკვე მეორედ. ეს პოლიტიკური აქტი იქნება აქაც და პარლამენტის კედლებს გარეთაც“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
დეპუტატების თქმით, გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებული არ არის. ენმ-ის წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, თუ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად მსხვერპლი სჭირდება, მზადაა ეს როლი თავად იტვირთოს:
„თუ ამ ხელისუფლებას პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად სჭირდება მსხვერპლი, დაე, ეს მსხვერპლი ვიყო მე. ამიტომაც მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიწყებ შიმშილობას მანამ, სანამ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, გადარჩეს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა და სანამ მას ამის შესაძლებლობას არ მისცემენ“, – აცხადებს ანა წითლიძე.
14 დეკემბრის საღამოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები და განცხადება გაავრცელა.
სამსახურის თანახმად, კადრები ასახავს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.“
სამსახური ვიდეოჩანაწერების გავრცელებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის.
ვიდეო, რომელიც პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდით გავრცელდა, 10 წუთზე მეტხანს გრძელდება და სხვადასხვა პერიოდის კადრებს აერთიანებს.
ვიდეოს მსვლელობისას რიგ შემთხვევებში მოჩანს ჩანაწერის გაკეთების თარიღი, ზოგ შემთხვევაში კი ეს არ იკითხება.
გავრცელებულ ვიდეოში ბოლო კადრი 12 დეკემბრითა დათარიღებული, სადაც ჩანს სააკაშვილის ყავარჯნით გადაადგილება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მის სასამართლო პროცესზე დისტანციურად დასწრებას ითხოვენ, თუმცა პატიმარს 14 დეკემბრის სხდომაზე ამის საშუალება არ მიეცა. მიზეზად ტექნიკური საშუალებების უქონლობა დასახელდა.