ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ცხოვრება დახურულ საზღვრებში, ვეტერანთა გახშირებული სუიციდი, თავდასხმა სომხეთზე” – რა ხდებოდა აზერბაიჯანში 2022 წელს

15 დეკემბერი, 2022 • 2227
“ცხოვრება დახურულ საზღვრებში, ვეტერანთა გახშირებული სუიციდი, თავდასხმა სომხეთზე” – რა ხდებოდა აზერბაიჯანში 2022 წელს

ავტორი: ნიკა მუსავი


რა მოხდა 2022 წელს აზერბაიჯანში, რამაც ყველაზე მეტი გამოხმაურება გამოიწვია ადგილობრივ საზოგადოებაში?

ყარაბაღის მეორე ომის ვეტერანთა პროტესტი

აზერბაიჯანში 2022 წლის პირველ ნახევარში მოქალაქეები მეორე ყარაბაღის ომის მონაწილეთა საპროტესტო გამოსვლებს განიხილავდა. ომის მონაწილეთა მთავარი პროტესტი უკავშირდებოდა იმას, რომ ვერ იღებენ კუთვნილ პენსიას, რაზეც მთავრობას გარკვეულ მომენტამდე რეაგირება არ ჰქონია.

ეს “გარკვეული” მომენტი მაშინ დადგა, როდესაც მორიგი აქციის მონაწილეებმა აზერბაიჯანის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობის კარი ჩამოიღეს. ამ ფაქტის შემდეგ კი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ჩინოვნიკებს დაახლოებით ასეთი საპასუხო განცხადება მოუწიათ:

სახელმწიფოს პასუხის შესაბამისად, პირველ რიგში, “სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ომის მონაწილეებისთვის, თუმცა არსებულ კანონმდებლობაში ხარვეზები ქმნის შესაბამის პრობლემას”;
მეორე – “ომის ზოგიერთი მონაწილე, რომელიც საკითხში ვერ ერკვევა, პრეტენზიას აცხადებს შეღავათებზე და დახმარებაზე, რომელიც არ ეკუთვნით”;

და მესამე – “სამშობლო უსასყიდილოდ უნდა დაიცვა და მადლიერებას არ უნდა ითხოვდე”.
საბოლოოდ ვეტერანთა პროტესტმა რადიკალური სახე მიიღო – ვეტერანთა შორის გახშირებული სუიციდის შემთხვევები გახშირდა. ომის დასრულებისთანავე, 2020 წლის ნოემბრიდან, აზერბაიჯანში რამდენიმე ათეულმა ვეტერანმა სიცოცხლე თვითმკლევლობით დაასრულა. მათი ახლობლები და საზოგადოების ნაწილი სუიციდის მიზეზად მძიმე სოციალურ პირობებს ასახლებდა, რომელშიც ომის მონაწილეები აღმოჩნდნენ. ხელისუფლება კი დღემდე მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევები პოსტტრავმული სინდრომით იყო გამოწვეული.

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

2022 წლის 12-13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, რაც აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, იყო საპასუხო ნაბიჯი სომხეთის “ფართომასშტაბიან პროვოკაციებზე”. ბრძოლაში, რომელიც თითქმის ორი დღე- ღამე გაგრძელდა, ორივე მხარეს ორასამდე სამხედრო დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მომხდარმა აზერბაიჯანის იმიჯს საერთაშორისო არენაზე სერიოზული ზიანი მიაყენა. მეტიც, შიდა აზერბაიჯანულ საზოგადოებაშიც ბაქოს ამ ნაბიჯს იმაზე ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა, ვიდრე ყარაბაღის მეორე ომის დროს.

თუ 2020 წლის შემოდგომის ომის დროს აზერბაიჯანელთა უმრავლესობა ქვეყნის სამხედრო მოქმედებებს საკუთარი მიწების დაბრუნების კეთილშობილური მიზნით ხსნიდა, ამ შემთხვევაში ბრძოლამ არა ყარაბაღში, არამედ უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა და, შესაბამისად, წინა არგუმენტმა აღარ იმუშავა.

გარდა ამისა, 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის საზოგადოება დარწმუნებული იყო, რომ ყველაზე საშინელი უკან მოიტოვეს, თუმცა 2022 წლის სექტემბერში დარწმუნდნენ, რომ შესაძლოა ომი ყოველ წუთს განახლდეს – ადამიანებმა ძლივს დაბრუნებული სიმშვიდე ისევ დაკარგეს.

საზღვრის დახურვა

2022 წლის ბოლოსკენ აზერბაიჯანში საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები არც მიმდინარე წელს გაიხსნება.

ფორმალურად, აზერბაიჯანს ოთხი “მოქმედი” სახმელეთო საზღვარი აქვს – საქართველოსთან, რუსეთთან, ირანთან და თურქეთთან [სომხეთთან საზღვარი გასაგები მიზეზების გამო “არ მოქმედებს”]. თუმცა ფორმალური ოთხი საზღვრიდან მნიშვნელოვანი მხოლოდ სამია – საქართველოს, რუსეთისა და ირანის.

ქვეყნის სახმელეთო საზღვრები უკვე ორ წელზე მეტია დაკეტილია. აზერბაიჯანმა, ისევე როგორც სხვა დანარჩენმა სახელმწიფოებმა, საზღვრები კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით დაკეტა. თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც პრაქტიკულად მთელმა მსოფლიომ გახსნა საზღვრები, აზერბაიჯანმა დაკეტილი სახმელეთო საზღვრებით გააგრძელა ცხოვრება.

საქართველოსთან, რუსეთთან და ირანთან საზღვრებს აზერბაიჯანელებისთვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს. საქართველოსთან სახმელეთო საზღვრით ისინი სარგებლობენ, ვინც დასასვენებლად და ახლობლების მოსანახულებლად მიდიან საქართველოში [სასაზღვრო რაიონები ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახლებული]. ირანში აზერბაიჯანელები მუსლიმური სალოცავების მოსალოცად ან სამკურნალოდ მიემგზავრებიან. რუსეთი კი, როგორც წესი, შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახების ჩვეული მარშრუტია. ამასთან, ადამიანების გარკვეული რაოდენობა რეგულარულად მიემგზავრება სამივე მიმართულებით სამსახურის ან სწავლის მიზნით. თუმცა დახურული საზღვრის კონტექსტში აზერბაიჯანელები ყველაზე ხშირად მაინც საქართველოს ახსენებენ.

დღეს აზერბაიჯანში აღარავის სჯერა მთავრობის არგუმენტების და დარწმუნებული არიან, რომ ამ რეჟიმში კიდევ დიდხანს მოუწევთ ცხოვრება.

დახურულ საზღვრები აზერბაიჯანში მოქალაქეების ბევრ კატეგორის ურთულებს ცხოვრებას. პირველ რიგში, ეს შეეხებათ სტუდენტებს, რომლებიც თურქეთში სწავლობენ და იმ აზერბაიჯანელებს, რომელთაც საქართველოში ნათესაური კავშირები გააჩნიათ.

განაჩენი აქტივისტის გაუპატიურების საქმეზე

აზერბაიჯანში 2022 წლის დადებით ამბებს შორისაა ის, რომ ერთი წლის შემდეგ, როგორც იქნა, სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა ბოლო დროის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე.

2021 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანში გენდერის აქტივისტმა არასრულწლოვანმა სანაი იაგმურმა საჯაროდ დაადააშაულა ბიძაშვილი ასკერ აგაზადე გაუპატიურებაში, სანაის და მისი დედის მტკიცებით, მან არაერთხელ მიმართა პოლიციას და გაიარა სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა გაუპატიურების ფაქტი. თუმცა არასაკმარისი მტკიცებულებების გამო საქმე დახურეს. ამ ისტორიის გასაჯაროების შემდეგ კი გამოძიება გაგრძელდა და ეჭვმიტანილი დააკავეს.

აზერბაიჯანული საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო: ისინი, ვინც ამბობდა, ნუ დაუჯერებთ ფემინისტს, რადგან “ყველა ფემინისტი გარყვნილი ქალია”, და მეორე ნაწილი, ვინც პასუხობდა მათ, რომ “სწორედ ამ მიდგომების გამო ყვავის ქალთა მიმართ ძალადობა აზერბაიჯანში. პოლიციის ჩათვლით, ყველა ქალს ადანაშაულებს და არა მოძალადეს”.

თავად სანაი იაგმური ამბობდა, რომ საჯაროდ მისი განცხადების მიზანი იყო პრეცედენტის შექმნა და მოტივაცია ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, იბრძოლონ სამართლიანობისთვის.

სანაის საქმეზე საბოლოო სასამართლო პროცესი სხვადასხვა საბაბით მრავალჯერ გადაიდო, თუმცა 2022 წლის ოქტომბერში სასამართლომ მაინც გამოიტანა გადაწყვეტილება და მოძალადეს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.


მასალების გადაბეჭდვის წესი