ახალი ამბები

იმერეთში კვერეთის დაცული ტერიტორია შეიქმნება

15 დეკემბერი, 2022 • 695
იმერეთში კვერეთის დაცული ტერიტორია შეიქმნება

ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 14 797 ჰექტარ ფართობზე კვერეთის აღკვეთილი დაარსდება.

„კვერეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორია გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით.

აქ გვხვდება ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეულ ცხოველთა სახეობები.

ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა უზრუნველყოფს ზემო იმერეთის რეგიონში არსებული უნიკალური ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნებას, ასევე, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას“, – წერია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს თანახმად, კვერეთის აღკვეთილის შექმნა ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ტურისტული ნაკადის მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაძლებელი გახდება დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღება.

აღკვეთილის შესახებ კანონპროექტი 2023 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი