საქართველოს აზერბაიჯანის მთავრობისგან 16 ქურციკი გადმოეცა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქურციკები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების დაცულ ტერიტორიაზე გაუშვეს.
როგორც სააგენტო აცხადებს, საქართველოში ქურციკის აღდგენის პროგრამის განხორციელება გერმანიის მთავრობის (BMZ/KfW) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო და პროგრამის მიმდინარე ფაზის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს WWF-გერმანია და WWF-ავსტრია.
„აღნიშნული ღონისძება საქართველოში ქურციკების სრულფასოვანი აღდგენისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ქურციკის აღდგენის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. ქურციკი, იგივე ჯეირანი, საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა.
აღნიშნული პროგრამა ერთ-ერთ წარმატებული კონსერვაციული პროექტია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულაციის აღდგენას. პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის ოფისის მჭიდრო თანამშრომლობითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით“, – აცხადებს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
სააგენტოს განცხადებით, ქურციკის აღდგენის პროგრამა წარმატებით ხორციელდება და ამჟამად სამუხის ველზე მათი რაოდენობა 300 ინდივიდს აღემატება.