ახალი ამბები

ეროვნული არქივი, იუსტიციის სახლი და სხვები ბრეგაძის პოლიტიკურ განცხადებებს აზიარებენ

15 დეკემბერი, 2022 • 1138
ეროვნული არქივი, იუსტიციის სახლი და სხვები ბრეგაძის პოლიტიკურ განცხადებებს აზიარებენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებს, რომლებიც, სხვა გზავნილებთან ერთად, “რადიკალური ოპოზიციის” კრიტიკას შეიცავს, ეროვნული არქივი, ნოტარიუსთა პალატა და სამინისტროზე დაქვემდებარებული სხვა უწყებები აზიარებენ.

“როდესაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, აჩვენოს საზოგადოებას, თითქოს სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დამრღვევი”, — ვკითხულობთ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძი განცხადებაში, რომელიც სამინისტროს ფეისბუკის გვერდზე 15 დეკემბერს, 11:04 საათზე გამოქვეყნდა ილუსტრაციის სახით.

ხსენებული ციტატა, რომელიც იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ეკუთვნის, მალევე გამოჩნდა იუსტიციის სამინისტროზე დაქვემდებარებული ისეთი უწყებების (სსიპ-ების) ფეისბუკის გვერდებზე, რომლებიც აქამდე არ გამოირჩეოდნენ პოლიტიკური აქტივობებით, მათ შორის, პოლიტიკური შინაარსის მასალების გამოქვეყნებით/გაზიარებით სოციალურ მედიაში. მათ შორის არიან:

  • საქართველოს ეროვნული არქივი,
  • ციფრული მმართველობის სააგენტო,
  • აღსრულების ეროვნული ბიურო,
  • საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.

კიდევ ერთ ნაწყვეტს ბრეგაძის ინტერვიუდან, რომელშიც მინისტრი ამბობს, რომ არავის მისცემენ უფლებას, “თავს დაესხას და შეურაცხყოფა მიაყენოს საჯარო მოხელეებს”, იუსტიციის სამინისტროს გვერდიდან აზიარებენ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი. ამასთან, ციტატა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა იუსტიციის სახლმა.

მინისტრის უკანასკნელი ნათქვამი უკავშირდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში 14 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს, როცა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს სააკაშვილის მომხრეების შეძახილების ფონზე, პოლიციის დახმარებით მოუწია იქაურობის დატოვება. აღნიშნულს წინ უძღოდა პენიტენციურის მიერ სასამართლო პროცესის 1 თვით გადადების შუამდგომლობის დაყენება.

რატი ბრეგაძის ინტერვიუს სრული ვერსია, რომელშიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ 14 დეკემბერს გამოქვეყნებულ კადრებს განიხილავს და ოპოზიციას აკრიტიკებს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს აქვს გაზიარებული.

“ნეტგაზეთი” იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურისგან ელის პასუხს კითხვაზე, რას უკავშირდება ხსენებული უწყებების მიერ უკანასკნელ საათებში პოლიტიკური შინაარსის პოსტების გაზიარების ტენდენცია.

ბრეგაძის ინტერვიუმდე რამდენიმე საათით ადრე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრები და განცხადება გაავრცელა.

სამსახურის თანახმად, კადრები ასახავს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.“

ვიდეო, რომელიც პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდით გავრცელდა, 10 წუთზე მეტხანს გრძელდება და სხვადასხვა პერიოდის კადრებს აერთიანებს.

მეორე დღეს, 15 დეკემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა თქვა, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე შესწავლა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი