ახალი ამბები

ვიწრო ჯგუფების მიერ ამ ინსტიტუტის მიტაცების მცდელობა ხდება – ბოჭორიშვილი ევროპარლამენტზე

15 დეკემბერი, 2022 • 659
ვიწრო ჯგუფების მიერ ამ ინსტიტუტის მიტაცების მცდელობა ხდება – ბოჭორიშვილი ევროპარლამენტზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიწრო ჯგუფების მიერ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების და მიზნების გასახორციელებლად, ევროპარლამენტის ,,მიტაცების” მცდელობა ხდება.

ასე ეხმიანება იგი 14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუციის მიღებას.

მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის ძვირფასია ევროკავშირის ინსტიტუტების ყველა ის მოსაზრება თუ რეკომენდაცია, რომელიც ემსახურება საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას და საქართველოს მოქალაქეების უკეთეს მომავალს ევროკავშირში.

თუმცა, როგორც ბოჭორიშვილი ამბობს, რთულია სერიოზულად შეხედო ევროპარლამენტის იმ გზავნილებს, რომელიც „მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და მიზანმიმართული დამაზიანებელი კამპანიების საფუძველზე საქართველოს შესახებ მცდარი აღქმების შექმნას და განმტკიცებას ემსახურება“.

მისი თქმით, ის პროცესი, რაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ ხდება, ბევრ ლეგიტიმურ კითხვას აჩენს და არასახარბიელო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

„გულსატკენია იმის ყურება, თუ როგორ ხდება ამ მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუტის ,,მიტაცების” მცდელობა ვიწრო ჯგუფების მიერ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების და მიზნების გასახორციელებლად. სამწუხაროდ, დღეს ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომელიც საქართველოს მხარდამჭერების საფარქვეშ მოქმედებს და ძალისხმევას არ იშურებს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ მომავალს, დეზინფორმაციის კამპანიებში აქტიური მონაწილეობით შელახოს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი, უგულებელყოს საქართველოს ხელისუფლების ის მიღწევები, რაზეც უნდა დაშენდეს ჩვენი ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ნების შესაბამისად.

მათი ასეთი ძალისხმევის მოტივაცია ცალკე განხილვის საკითხია, რაც მრავალ კითხვას ბადებს და აზიანებს პირველ რიგში თავად ევროპული ინსტიტუტების იმიჯს. სწორედ მათი მოქმედების შედეგი გახლდათ ივნისის თვეში მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ვითომდა მედიის თავისუფლების დაცვის ქვეტექსტით იქნა მიღებული და აბსურდული ბრალდებებით იქცა საბაბად ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, კანდიდატობის სტატუსის გარეშე მიენიჭა“, – წერს ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.

ბოჭორიშვილის თქმით, მისი და მისი გუნდის მიერ დიდი  ძალისხმევა იხარჯება იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები  ევროკავშირის სცენაზე მაქსიმალურად იყოს დაცული და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სწორად ინფორმირებული. თუმცა, მისი თქმით, საქართველოზე ანგარიშის ტექსტში არათუ მოხდა უზუსტობების აღმოფხვრა, არამედ მიზანმიმართულად დაბეტონდა მცდარი ნარატივები.

„მხოლოდ ერთი მაგალითი მოწმობს იმას, რომ ჭეშმარიტების უგულებელყოფა არის ამ ჯგუფისთვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საკუთარი დესტრუქციული მიზნების მისაღწევად. ფაქტები და სიმართლის ცოდნა მათთვის არასასურველი ტვირთია. სხვაგვარად ვერ შეფასდება იმ ევროპარლამენტარების მოქმედება, რომლებიც თავისივე დასმულ კითხვებზე ევროკომისრების მხრიდან მიღებულ პასუხებსაც კი არაფრად აგდებენ, თუკი ეს მათ მავნებლურ პოლიტიკურ მიზნებს არ ემსახურება.

ისიც გამოჩნდა, რომ ზოგიერთისთვის საქართველოს ყველაზე დიდი ტკივილი, რუსული ოკუპაცია, იგივეა, რაც მგლისთვის ცხვრის ქურქში გახვევა და ამ საკითხის ისე გამოყენება, როგორც ეს ტრენდში ჩაჯდება.

რა ინტერესები დგას ამ ყველაფრის უკან ხელისგულზე გადაიშალა ანგარიშის მიღებამდე ინიცირებული დებატებით, რაც საუკეთესო ნიმუშია, თუ როგორ ხდება ყველანაირი რესურსის გამოყენება ოპერაცია “თავისუფლება მიშას” წარმატებისთვის, ამასთანავე, ევროპული ჰუმანურობით მანიპულირება და ამ ოპერაციის ე.წ. “ჰუმანიტარული მისიით” შეფუთვა“, – წერს ბოჭორიშვილი.


ევროპარლამენტმა 430 ხმით 52-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.

რეზოლუცია ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს. ამ მხრივ რეკომენდაციას უწევს განსაკუთრებით ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენის საკითხის გადაჭრას სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების გზით.

რეზოლუციის ტექსტში ასევე შევიდა ევროპარლამენტარების, მირიამ ლექსმანის (EPP) და ანა ფოტიგას (კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი) მიერ ინიცირებული შესწორება ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების შესახებ. აღნიშნული ცვლილებებით შეშფოთებაა გამოთქმული ვარაუდის გამო, რომ რუსი ხალხი და სუბიექტები საქართველოს იყენებენ სანქციების გვერდის ასავლელად. შესწორება ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, შეისწავლოს ეს ბრალდებები და უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული ბიუროს ცნობები ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ.

გარდა ამისა, რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მედიის წარმომადგენლების, მთავრობისადმი კრიტიკული მედიასაშუალებების მფლობელების და მათი ოჯახის წევრების მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს. ამ კონტექსტში რეზოლუცია ასახელებს ნიკა გვარამიას საქმეს, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ მფლობელების და დამფუძნებლების მიმართ საქმეებს.

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ივანიშვილის სანქცირების მოწოდებით

მასალების გადაბეჭდვის წესი