ახალი ამბები

ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა და შერეული სურათი — მიკსერი საქართველოზე

14 დეკემბერი, 2022 • 725
ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა და შერეული სურათი — მიკსერი საქართველოზე

პოტენციური კანდიდატის როლში საქართველო დღეს შერეულ სურათს და გზავნილებს წარმოგვიდგენს — განაცხადა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში წარადგინა.

მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე სვენ მიკსერი ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსს წარმოადგენს, რომელიც ევროპაში „ქართული ოცნების“ პარტნიორი ჯგუფია. სწორედ სვენ მიკსერის ანგარიშის საფუძველზე მიიღებს ევროპარლამენტი მორიგ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

„დავიწყებ პოზიტიურით. როგორც ასოცირებულ ქვეყანას, საქართველოს პრივილეგირებული პარტნიორობა აკავშირებს ევროკავშირთან და მე მჯერა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის შესრულება საუკეთესო გზაა საქართველოს განვითარებისა და მისი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. ვიცით, რომ ქართველების ამბიცია არ სრულდება ასოცირების შეთანხმების და DCFTA-ის იმპლემენტაციით, არამედ ევროკავშირში გაწევრიანებით. საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანებისადმი უნდა ეხმარებოდეს პოლიტიკურ კლასს განსხვავებების დაძლევასა და საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებაში. გარკვეულ სფეროებში წლების განმავლობაში მართლაც შთამბეჭდავი რეფორმები გატარდა“, — განაცხადა სვენ მიკსერმა.

მისი თქმით, როცა საქმე ეხება ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან, საქართველო მოწინავეა ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლებში.

„თუმცა, როცა საქმე ეხება საქართველოს დემოკრატიული სტრუქტურის უნარების დემონსტრირებას და ქვეყნის ერთგულებას საკვანძო ევროპული ფასეულობებისადმი, ვიწროპარტიული ინტერესები და ინდივიდუალური ძლიერი აქტორების პერსონალური ანტაგონიზმი, როგორც ჩანს, კვლავ საერთო მიზანზე მაღლა დგას“, — განაცხადა სვენ მიკსერმა.

ასეთი ტოქსიკური პოლიტიკური კულტურა, მისი აზრით, აფერხებს არა მხოლოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას მთლიანობაში.

სვენ მიკსერის თქმით, გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა გადადგეს ნაბიჯები ევროკომისიის 12 პრიორიტეტიდან ზოგიერთის შესრულებისკენ, თუმცა რეკომენდაციები, რომლებიც პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას ეხება, კვლავ შეუსრულებელი ჩანს.

სვენ მიკსერმა ჩამოთვალა, რომ საჭიროა სასამართლო რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მედიის თავისუფლება, კერძო ინდივიდების, ე.წ. ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა, უმცირესობების უფლებების დაცვა და ვერც ერთი ამ საკითხთაგან ვერ გადაიჭრება უმრავლესობის ვიწრო საკანონმდებლო ცვლილებებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გარეშე. მან ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი სახალხო დამცველის ინკლუზიური პროცესით არჩევის მნიშვნელობას და თქვა, რომ ახალ ომბუდსმენს უნდა ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების ნდობა.

სვენ მიქსერმა ყოფილი ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას შეფასება გაიმეორა ნიკა გვარამიას საქმეზე და ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზეც.

„ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა ჩვენი შეშფოთება ამ საკითხზე და მოუწოდა სასჯელის გადავადებისკენ, რომ მან მიიღოს სამედიცინო მომსახურება საზღვარგარეთ. ვიცი, რომ ყოფილი პრეზიდენტის მემკვიდრეობაზე საქართველოში ექსტრემალურად განსხვავებული შეხედულებებია, თუმცა მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ მის გათავისუფლებას ვუყურებთ, როგორც წმინდა ჰუმანიტარულ საკითხს და არ ვაკეთებთ პოლიტიკურ და სხვა შეფასებას ამ საკითხზე“, — თქვა მიკსერმა.

მიკსერი გამოეხმაურა ბრალდებებს საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებზე.

„ღრმად შეშფოთებული ვარ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური ლიდერის რიტორიკით, რომლებიც ადანაშაულებენ ევროკავშირს და ჩვენს პარტნიორებს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში. ეს ბრალდებები სიცრუეა. ევროკავშირი მშვიდობის პროექტია და საქართველოს არასდროს მოუწევს არჩევანი ევროპასა და მშვიდობას შორის. სინამდვილეში ევროპის არჩევა ნიშნავს მშვიდობის არჩევას“, — დასძინა სვენ მიკსერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი