ახალი ამბები

ბოკერია სავალდებულო სამხედრო სამსახურზე: ესაა რეჟიმის გარიგება საპატრიარქოსთან

13 დეკემბერი, 2022 •
ბოკერია სავალდებულო სამხედრო სამსახურზე: ესაა რეჟიმის გარიგება საპატრიარქოსთან

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ამბობს, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს გაურიგდა, რადგან სწორედ ეს ინსტიტუცია წარმოადგენს მათთვის პოლიტიკურ მოკავშირეს პუტინისტურ პროპაგანდაში.

ბოკერიას თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახური ან არავისთვის უნდა იყოს იძულებითი, ან თანაბრად ვრცელდებოდეს ნებისმიერი რელიგიური მრწამსის ადამიანზე:

„დღევანდელი მანკიერი სისტემა რომ შესაცვლელია, ეგ უდავოა, ან უნდა გვქონდეს პროფესიული სისტემა, სადაც არავის იძულება არ ხდება, ან თუ ზოგადად არსებობს გაწვევის იძულება, ის თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს ნებისმიერი რელიგიური მრწამსის ადამიანზე და შეიძლება იყოს ალტერნატიული სამსახური, სადაც პაცეფისტური მიდრეკილების ადამიანი იარაღს ხელში არ აიღებს, მაგრამ სანიტარი იქნება და ასე შეიტანს თავის წვლილს ქვეყნის დაცვაში.

თუმცა ამ განცხადების ამოცანა ეგ კი არ არის, ყველაზე სკანდალური ნაწილი ამ განცხადებაში არის ის, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით გავაკეთეთო, სეკულარულ სახელმწიფოში რა შუაშია საპატრიარქო?! ნებისმიერ პოლიტიკურ ან ქვეყნის თავდაცვის საკითხზე რაიმე ექსკლუზიური ფუნქცია ან უფლება გააჩნია?!“ – ამბობს გიგა ბოკერია.

ბოკერიას თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „ბიბლიური თავისუფლების“ გაუქმების დაანონსება არ არის „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ზრდა”:

„ამას ივანიშვილისგან და ღარიბაშვილისგან არ მოელის არავინ, ეს არის გუნდრუკის კმევა და ზოგადად ამ რეჟიმის გარიგება საპატრიარქოსთან იმიტომ, რომ მათთვის პოლიტიკურ მოკავშირეს წარმოადგენს ანტიდასავლურ, პუტინისტურ პროპაგანდაში. ეს არის ამ განცხადების ყველაზე სამარცხვინო ნაწილი. ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი რეფორმა და ევროპული საქართველო, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ ამ რეფორმის ხედვაზე პროექტ „ახალი რესპუბლიკის“ ფარგლებში“, – ამბობს გიგა ბოკერია.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით “გირჩის” რელიგიურ ორგანიზაციაში (“ბიბლიურ თავისუფლება”) გაწევრიანება ახალგაზრდებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების გარანტი აღარ იქნება. ამის შესახებ მან დღეს, 12 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მთავრობამ საპატრიარქოსთანაც გაიარა და ეს “ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება”. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს საკითხის “მოგვარებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი