საზოგადოება

“გირჩის” საბუთით ჯარს თავს ვეღარ აარიდებენ – პრემიერი

12 დეკემბერი, 2022 • 3528
“გირჩის” საბუთით ჯარს თავს ვეღარ აარიდებენ – პრემიერი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით “გირჩის” რელიგიურ ორგანიზაციაში (“ბიბლიურ თავისუფლება”) გაწევრიანება ახალგაზრდებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების გარანტი აღარ იქნება. ამის შესახებ მან დღეს, 12 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ალბათ, ქვეყანაში არ მოიძებნება ამ ქვეყნის პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს და არ განიცდის. ეს იყო “გირჩის” მოგონილი, მავნებლური, უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროგრამა, რომლითაც ახალგაზრდებს აბნევდნენ და სთავაზობდნენ [სავალდებულო სამხედრო სამსახურის] ალტერნატიულ სამსახურს. ეს იყო ფიქტიური, ვითომ რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე. პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს, არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ.

ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდევაც. და გეტყვით ახალ როგორ:

აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ [გააკეთა], დიდი პატივია მისი სახელის ხსენება ამ მთავრობის სხდომიდან… ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რაც ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობის წინააღმდეგ. ამიტომ, დაიხურება, ეს ხარვეზი აღმოიფხვრება და გამოირიცხება მათი ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციის შესაძლებლობა”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მთავრობამ საპატრიარქოსთანაც გაიარა და ეს “ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება”.

პრემიერს არ დაუკონკრეტებია, როგორ აპირებს საკითხის “მოგვარებას”.

ირაკლი ღარიბაშვილი “გირჩის” მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის გაუქმებაზე 2019 წელს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატობისასაც საუბრობდა. ის “ბიბლიურ თავისუფლებას” ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას უწოდებდა და ამბობდა, რომ ის საფრთხეს უქმნიდა ქართული ჯარის ძლიერებას.

ამასთან, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი თავდაცვის კოდექსს თანახმად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა 2025 წლიდან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში და შესაბამისად საქართველოს თავდაცვით ძალებში იქნება შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი