„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლები გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს 51%-იანი თანამონაწილეობით აშენდება.
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თქმით, მთავრობამ თავის დროზე უარი განაცხადა 50 მილიონი დოლარის გარანტიის გაცემაზე და ახლა საუბარი იმაზე, თითქოსდა თავად განახორციელებს ინვესტირებას, „თვალებში ნაცრის შეყრაა“.
„თუ 51%-ში სახელმწიფოს 300 მილიონი დოლარის ბიუჯეტის თანხის ჩადება უნდა ანაკლიის მშენებლობაში, გაგეცათ ბანკებისთვის 50 მლნ დოლარის გარანტია და ახლა ანაკლია აშენებული იქნებოდა და ქვეყანას დიდი შემოსავალიც ექნებოდა ამ დროისთვის მიღებული. სადაა ლოგიკა?“, — კითხულობს მამუკა ხაზარაძე და მთავრობას სთავაზობს:
- გასცენ 50 მლნ გარანტია საერთაშორისო ბანკებისთვის, აღადგინონ შეწყვეტილი კონტრაქტი;
- დააბრუნონ გაძევებული საერთაშორისო ინვესტორები, შეწყვიტონ საარბიტრაჟო დავა
- მალევე განახლდება მშენებლობა
- აშენებული პორტი ისევ სახელმწიფო საკუთრება ხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ.
ბადრი ჯაფარიძემ უპასუხა პრემიერ-მინისტრის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ანაკლიის კონსორციუმს სულ 20-25 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს მოზიდული (მათ შორის, ხაზარაძე-ჯაფარიძის 3 მლნ) და საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 1 მილიარდ 500 მილიონ აშშ დოლარს ედავება.
„ჩვენს ქვეყანას ჰყავს ცილისმწამებელი და მატყუარა ხელისუფლება, დადასტურებული ფაქტია. მაგრამ დღეს პრემიერმა ღარიბაშვილმა თავისი სიცრუით ახალი სიმაღლეები დაიპყრო და მისი ქართული ზღაპრების გმირ ქოსატყუილასაც შეშურდებოდა. სინამდვილეში ანაკლიაში ინვესტირებულ იქნა 75 მილიონ დოლარი, რაც არის საერთაშორისო აუდიტორის მიერ დადასტურებული და ეს დოკუმენტირებული ინფორმაცია დევს ეკონომიკის სამინისტროში. მეორე დიდი ტყუილია, თითქოს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ 3 მილიონი დავხარჯეთ, როდესაც სინამდვილეში 40 მილიონის ინვესტიცია განვახორციელეთ“, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე ამბობს, რომ ანაკლია „გაპარტახებულია“, თუმცა ამაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.
„სამი წლის წინ მათ ინვესტორს ჩამოართვეს 75 მილიონი დოლარი და უკვე მეოთხე წელია, მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძის და ჩემი სამართლებრივი დევნა იმ მიზნით, რომ ჩვენი რეპუტაცია შელახულიყო და ანაკლიის პროექტი გაეჩერებინათ“, — თქვა მან.
ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პრემიერის კიდევ ერთი ტყუილი შეეხება იმას, თითქოს კონსორციუმი თავის დროზე მთავრობისგან ითხოვდა გარანტიებს და სანაცვლოდ არაფერს სთავაზობდა.
„სინამდვილეში ევროკავშირთან შევთანხმდით, რომ უზრუნველყოფდნენ ანაკლიის პროექტისთვის 50 მილიონი ევროს გარანტიას, თუკი სახელმწიფო და ჩვენც იმავეს გავაკეთებდით, რაზეც ჩვენ თანახმა ვიყავით და მთავრობას თქვა უარი. კონსორციუმი მზად იყო, ამ 50 მილიონი გარანტიის სანაცვლოდ უზრუნველყოფა მიეცა მთავრობისთვის და პროექტში მონაწილეობაც დაეთმო. დღეს ვისმენთ, რომ სახელმწიფო ჩადებს ინვესტიციას — ანუ 5-ჯერ მეტ ინვესტიციას განახორციელებს იმ დროს, როდესაც 50 მილიონ გარანტიაზე უარი თქვა“, — განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ არცერთი რეპუტაციული ინვესტორი ამ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან ერთობლივ პროექტს არ განახორციელებს.
რაც შეეხება არბიტრაჟში დავას, ხაზარაძის თქმით, კონსორციუმი ითხოვს არა 1,5 მილიარდ დოლარს, არამედ 800 მილიონს, რაც საერთაშორისო წესებით დათვლილი ინვესტორთა ზარალია.
„კონსორციუმის მიზანი იყო და რჩება ანაკლიის აშენება, რაც აუცილებლად მოხდება ოცნების წასვლის შემდეგ“, — დასძინა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.
2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით და მისი 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება.
ტვირთბრუნვა იზრდება, ანაკლიის პორტის მომავალი კვლავ ბუნდოვანია
ანაკლიის პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება — ღარიბაშვილი