ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის კონსორციუმი ქვეყანას $1,5 მლრდ-ს ედავება

12 დეკემბერი, 2022 • 577
ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის კონსორციუმი ქვეყანას $1,5 მლრდ-ს ედავება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის ინვესტორები მთავრობას არბიტრაჟში 1 მილიარდ 500 მილიონ აშშ დოლარს ედავებიან, რაც „არის ძარცვის კლასიკური მაგალითი“.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკრიტიკა ანაკლიის კონსორციუმი და პორტის მშენებლობის შეჩერება მათ შეუსრულებელ ვალდებულებებს დააბრალა.

„ინვესტორმა ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება — პორტი არ ააშენა. ჩვენ უნდა მიგვეღო პირველი გემები 2020 წელს. მთავრობამ რამდენჯერმე გადაუწია ვალდებულება და ამის მიუხედავად, ინვესტორმა ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს, ჩემი ინფორმაციით, 3 მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული. დანარჩენი თანხები — 20 თუ 25 მილიონი — მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან. სანაცვლოდ მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას, გზების, რკინიგზის მიყვანა… მიწა ჩვენი იყო, უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდევაც. ასეულობით მილიონი უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი უნდა მიეღო. ანუ, რეალურად ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, პროექტის ჩაგდების შემდეგ მათ ქვეყნის გაძარცვა გადაწყვიტეს.

„უჩივლეს [ქვეყანას] არბიტრაჟში და ედავებიან მილიარდ 500 მილიონ დოლარს. წარმოგიდგენიათ რა ხდება? ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერცერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს ედავება. ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა და ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა. ეს იყო ჩვეულებრივი გამდიდრების და ძარცვის იდეა“, — დასძინა ღარიბაშვილმა.


საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით და მისი 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

ტვირთბრუნვა იზრდება, ანაკლიის პორტის მომავალი კვლავ ბუნდოვანია

ტვირთბრუნვა იზრდება, ანაკლიის პორტის მომავალი კვლავ ბუნდოვანია

მასალების გადაბეჭდვის წესი