ახალი ამბები

საქართველო ამ პროექტით EU-ში ინტეგრირდება – დავითაშვილი შავი ზღვის გადამცემ ხაზზე

12 დეკემბერი, 2022 •
საქართველო ამ პროექტით EU-ში ინტეგრირდება – დავითაშვილი შავი ზღვის გადამცემ ხაზზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზი, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე უნდა აშენდეს, საქართველოში ინვესტიციებს მოიზიდავს და ქვეყანას ევროკავშირს დაუკავშირებს.

მან ეს განცხადება დღეს, 12 დეკემბერს გააკეთა.

„ეს არის მორიგი მნიშვნელოვანი ფლაგმანი პროექტი, რომელიც ქვეყნის ენერგოსექტორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

დღეს საქართველო საინტერესოა ენერგეტიკულ სექტორში ინვესტირების კუთხით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მთავრობამ დაამტკიცა მხარდაჭერის მექანიზმი, რაც დეველოპერებს მისცემს შესაძლებლობას მცირე და საშუალო პროექტები განახორციელონ და მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები…

…როდესაც ვსაუბრობთ შავი ზღვის გადამცემ ხაზზე, ეს არის რამდენიმე მილიარდიანი, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელსაც შეიძლება ტრანსფორმაციული შედეგი ჰქონდეს მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოებისა და კონკურენტუნარიანობის კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განცხადებით, ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის აშენებით, საქართველო პირდაპირ ევროპულ, ენერგო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას მიიღებს.

დავითაშვილის განცხადებით, პროექტში საქართველოსა და რუმინეთის გარდა, ასევე ჩართულნი იქნებიან უნგრეთიც და აზერბაიჯანიც და ხაზს გამოიყენებენ „არამხოლოდ საქართველოს ენერგორესურსების ექსპორტისთვის, არამედ აზერბაიჯანის ელექტრო ენერგიის ექსპორტისთვისაც“.

მისი თქმით, ხაზი ასევე შეიძლება გამოიყენონ „საჭიროების შემთხვევაში იმპორტისთვისაც“.

დღეს, 12 დეკემბერს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ გაავრცელა განცხადება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა 17 მილიარდით განისაზღვრება, რაც ასევე მოიცავს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მშენებლობას შავი ზღვის ფსკერზე, რომელიც ერთმანეთს საქართველოსა და ევროკავშირს დააკავშირებს.

ენერგეტიკული თანამშრომლობა უნგრეთ-აზერბაიჯანთან — რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი