ოკუპირებულ აფხაზეთში 2026 წლის 12-16 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება გაიმართება, რომელშიც რუსეთის სამხედროებიც მიიღებენ მონაწილეობას. დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ, სწავლების ჩატარების გეგმა 10 სექტემბერს დაამტკიცა.

სოხუმის ცნობით, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ დე ფაქტო აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნის ქვედანაყოფები, რეზერვისტები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები.

სწავლება ზაფხულის სასწავლო პერიოდის დასკვნით ეტაპზე გაიმართება. წვრთნების ფარგლებში “სამხედროები თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებისთვის დამახასიათებელი ჯარების გამოყენების მეთოდებსა და თანამედროვე ოპერაციებში სამხედრო დაჯგუფებების მართვის საკითხებს დაამუშავებენ. სწავლებაში გამოიყენებენ არტილერიას, ჯავშანტექნიკასა და ავიაციას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მაღალტექნოლოგიური დამაზიანებელი საშუალებების, მართვის სისტემებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის გამოყენებას”.

მსგავსი ოპერატიულ-ტაქტიკური სწავლება ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის ოქტომბერშიც გაიმართა. მაშინ სწავლების აქტიურ ფაზაში დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების საერთო-საჯარისო და საარტილერიო ქვედანაყოფების გაერთიანებული ჯგუფები მონაწილეობდნენ.