ახალი ამბები

“ცემა, სარდაფში დამწყვდევა” — როგორ მოექცნენ რუს სამხედროებს, რომელთაც ბრძოლა იუარეს

12 დეკემბერი, 2022 • 958
“ცემა, სარდაფში დამწყვდევა” — როგორ მოექცნენ რუს სამხედროებს, რომელთაც ბრძოლა იუარეს

უკრაინაში მყოფი რუსი ოფიცერი, რომელმაც ბრძოლის გაგრძელება იუარა, მისივე ქვეყნის სამხედროებმა დააკავეს და სცემეს, ლეიტენანტს კი, რომელიც ამბობდა, რომ ამავე მიზეზის გამო სარდაფში ჩასვეს, დედა დღემდე ვერ პოულობს. ეს ისტორიები BBC-ს რუსი სამხედროების ოჯახებმა გაუზიარეს.

სერგეი ეხვეწებოდა თავის შვილს, არ წასულიყო უკრაინის წინააღმდეგ ომში, სადაც გზავნიდნენ, როგორც არმიის ოფიცერს.

“იქ ნათესავები გყავს. უბრალოდ, უარი თქვი”, — ეუბნებოდა ის სტასს, თუმცა ვაჟის დარწმუნება ვერ მოახერხა:

“ამბობდა, რომ მიდიოდა. სჯეროდა, ეს სწორი იყო. ვუთხარი, რომ იყო ზომბი და სამწუხაროდ, ცხოვრება დაამტკიცებდა ამას”.

მამის თხოვნის მიუხედავად უკრაინაში წასულმა სტასმა მალე დაიწყო სერგეისთვის შეტყობინებების გაგზავნა, რომლებშიც კითხულობდა, რა მოხდებოდა, თუ ბრძოლას შეწყვეტდა.

ოფიცერი ერთ-ერთ ბრძოლაზე საუბრისას ჩიოდა, რომ რუსი სამხედროები ვერ სარგებლობდნენ საცეცხლე დახმარებით, სადაზვერვო მხარდაჭერითა თუ მომზადებით. სამაგიეროდ, უბრძანეს, წინ წასულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცოდა, რა ელოდათ წინ.

“…ბრძოლაზე უარის თქმა მისთვის რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო. ვუთხარი: უკეთესია, მიიღო [ეს გადაწყვეტილება]. ეს არ არის ჩვენი ომი. ეს არ არის განმათავისუფლებელი ომი”, — ჰყვება სერგეი.

სტასმა თქვა, რომ წერილობით გააფორმებდა თავის უარს ბრძოლაზე. საბოლოოდ, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, იარაღი ჩამოართვეს და შეიარაღებული დაცვა მიუჩინეს.

თავის მხრივ, სერგეიც ცდილობდა შვილის გამოხსნას: ფრონტის ხაზზე რამდენჯერმე ჩავიდა და წერილს წერლიზე სწერდა სამხედრო თანამდებობის პირებს, პროკურორებსა თუ გამომძიებლებს.

საბოლოოდ, სტასმა რუსეთში დაბრუნება შეძლო და მამამისს უამბო, რა გადახდა, როცა დაკავებული იყო: მათ შორის, მოუყვა, როგორ სცადა რუსი სამხედროების ჯგუფმა, ეიძულებინა ის, რომ ებრძოლა.

“სცემეს, შემდეგ კი გარეთ გაიყვანეს, თითქოს სროლას უპირებდნენ. მიწაზე დააწვინეს და მოსთხოვეს, ათამდე დაეთვალა. მან იუარა. შედეგად, თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს იარაღის კონდახი. მითხრა, რომ სახე სისხლით ჰქონდა დაფარული”, — ამბობს ოფიცრის მამა.

BBC ესაუბრა ქალსაც, რომლის ლეიტენანტმა შვილმაც ასევე შეწყვიტა ბრძოლა. ის ივლისში გაგზავნეს უკრაინაში. მას შემდეგ, რაც ბრძანებების შეუსრულებლობის გამო დააკავეს, ანდრეიმ დედასთან, ოქსანასთან დაკავშირება შეძლო.

“მომიყვა, რომ უარი თქვა, უეჭველი სიკვდილისთვის გაეწირა თავისი კაცები[თანამებრძოლები]… როგორც ოფიცერს, ესმოდა, რომ თუ წინ წავიდოდნენ, ცოცხლები ვეღარ გამოაღწევდნენ. ამის გამო გაგზავნეს ჩემი შვილი დაკავების ცენტრში.

ამის შემდეგ მივიღე შეტყობინება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის და ოთხი სხვა ოფიცერი სარდაფში ჩასვეს. 5 თვის მანძილზე არავის უნახავს”, — ჰყვება ოქსანა.

მოგვიანებით ქალს აუწყეს, რომ შენობა, რომელშიც მისი შვილი და სხვა პირები იყვნენ განთავსებულნი, დაიბომბა და ხუთივე მათგანი დაიკარგა.

“თქვეს, რომ მათ ნეშტებსაც ვერ მიაგნეს. მათი ოფიციალური სტატუსია დაკარგული მოქმედების დროს. ეს აბსურდია. ის, რაც ჩემს შვილს გაუკეთეს, არათუ უკანონო, არაადამიანურიცაა”, — დასძენს ლეიტენანტის დედა.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

თავდაპირველად ვლადიმერ პუტინი ამბობდა, რომ მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები მიიღებდნენ მონაწილეობას “სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში”, როგორც მოსკოვი უწოდებს სამხედრო აგრესიას მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.

თუმცა, სექტემბერში მოცემულობა შეიცვალა: რუსეთმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რის შემდეგაც რუსეთის ასობით ათასი მოქალაქე გაიწვიეს სამხედრო ძალებში.

მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებულმა მრავალმა სამხედრომ მალევე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ბრძოლის ველზე შესაბამისი იარაღისა და სათანადო მომზადების გარეშე გაგზავნეს. არსებობს არაერთი ცნობა იმ რუსი სამხედროების დაკავების — ზოგ შემთხვევაში, სარდაფებში დამწყვდევის — შესახებ, რომლებმაც უარი თქვეს წინა ხაზზე დაბრუნებაზე.

“მეთაურებმა მხოლოდ ძალადობა და დაშინება იციან. მაგრამ ხალხს ბრძოლას ვერ აიძულებ”, — დასძენს ელენა პოპოვა, რუსეთის “კეთილსინდისიერ მოწინააღმდეგთა მოძრაობის” წევრი.

რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს როგორც სასოწარკვეთილ ჯარისკაცებზე, ისე — დაკავების ცენტრებზე.

“ჩვენ არ გვაქვს ბანაკები, პატიმრობის ობიექტები ან რაიმე მსგავსი [რუსი ჯარისკაცებისთვის]… ეს ყველაფერი სისულელეა, ყალბი მტკიცებებია, რომელსაც საფუძველი არ აქვს”, — თქვა დეკემბრის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, სამხედროების მიერ პოზიციების დატოვების შემთხვევები არის, თუმცა შეუძლებელია, ნორმალურ ადამიანს რეაქცია არ ჰქონდეს იმ სიტუაციაში, როცა “ტყვიები დაფრინავენ და ბომბები ცვივა”.

“მაგრამ ადაპტაციის გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენი კაცები ბრწყინვალედ იბრძვიან”, — დაამატა მან. პუტინმა იქვე აღნიშნა, რომ პოზიციების დატოვების შემთხვევები მასობრივი არ არის და “სულ უფრო მცირდება”.

BBC-სთან საუბრისას ბრძოლის ველიდან დაბრუნებული სტასის მამამ არამხოლოდ იმაზე ისაუბრა, რა გადახდა მის ვაჟს უკრაინაში, არამედ იმაზეც, როგორ შეიცვალა ერთ დროს ომში წასვლის მოსურნე ახალგაზრდა კაცი:

“ჩვენს შორის გაუგებრობის კედელი გაქრა. მთელი მისი ყოყლოჩინობა გაქრა. ჩემმა შვილმა მითხრა, არასდროს მეგონა, რომ ჩემი ქვეყანა ასე მომექცეოდაო. სრულიად შეიცვალა”.

“აქ ხალხს არ ესმის, რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ. არა მოწინააღმდეგე მხრიდან, არამედ ჩვენივე მხრიდან”.

რესპონდენტების უსაფრთხოების გამო BBC-მ შეცვალა მათი სახელები

გარეკანის ფოტო: Insider

მასალების გადაბეჭდვის წესი