ახალი ამბები

თბილისის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები განათდა

9 დეკემბერი, 2022 • 1088
თბილისის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები განათდა

დღეს, 9 დეკემბერს თბილისში დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციების ანთების ღონისძიება გაიმართა. ცერემონიაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. კალაძის თქმით, რეგიონში არსებული სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, მნიშვნელოვანია შობა-ახალი წლისთვის ღირსეულად შეხვედრა.

თბილისის მერის თქმით, სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა და მშვიდობა ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში მცხოვრები პირები საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს უსურვებენ:

„დღეიდან ჩვენს ქალაქში დაიწყებს ათვლას საახალწლო დღეები და რადგან დღეს მხოლოდ დღესასწაულს დავპირდით მოსახლეობას არ დავიწყებ ახსნას რამდენად მნისვნელოვანია ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი. ღირსეულად შევხვდეთ ამ დღესასწაულს მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოში და რეგიონში სერიოზული გამოწვევებია. ლადო ასათიანის ცნობილი ლექსიც არის დიახ, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს არასდროს ვტოვებთ სიცოცხლეს, მაშინაც კი როდესაც ვიბრძვით, არასდროს ვტოვებთ იმედს უკეთესი იმედის, არასდროს ვწყვეტთ ოცნებას და არასდროს ვამბობთ უარს განვითარებასა და წინსვლაზე.

სიცოცხლე, სიყვარული, სოლიდარობა, მშვიდობა ეს ის ფასეულობებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში უსურვებენ საკუთარ თავს და რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანებს. ჩვენც ტრადიციულად, სწორედ ეს სანატრელი სურვილები ვაქციეთ ერთგვარ მოწოდებად და ამ იმედით ვეგებებით ახალ 2023 წელს“ – თქვა კახა კალაძემ თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე.

თბილისში, საახალწლო ილუმინაციების ანთების ღონისძიების პარალელურად, მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებული და დედაქალაქის მერიის მიერ მოედანზე დამონტაჟებული საახალწლო დეკორაციის შეცვლას ითხოვენ.

საუბარია წარწერაზე „თბილისი — მშვიდობის ქალაქი“, რომელიც თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის გარშემოა განთავსებული. სლოგანმა საზოგადოების ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა გამოიწვია. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სლოგანი უადგილოა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების იმ ფონზე და მით უფრო მაშინ, როცა თბილისში ყოველ კვირა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრებს ასვენებენ.

ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ჩიჩუა

ასე არ ფიქრობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინაში ომის ფონზე „მშვიდობის ქალაქი“ პოლიტიკური ან/და ნიშნის მოგებით გაკეთებული განცხადება არ არის. ასევე, კრიტიკოსებთან ერთად პოლიტიკური ოპონენტები სპეკულაციებსა და პროვოკაციებში დაადანაშაულა.

აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მონუმენტის გარშემო ბანერებიც გაშალეს წარწერით – „სოლიდარობის ქალაქი“ და „გმირების ქვეყანა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი